weather cur horoscope tv
ოქტომბერი 19, 2021

ქარელში მომხდარი „ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკის შედეგია – კოალიცია

14:24 ხუთშაბათი, 16 სექტემბერი 2021 hits 667
ფოტოზე – „ქართული ოცნების“ ოფისი ქარელში / © Qartli.ge ფოტოზე – „ქართული ოცნების“ ოფისი ქარელში / © Qartli.ge

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გმობს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას. კოალიცია ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ 15 სექტემბერს, ქარელში, „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა.

„კოალიცია ქარელში მომხდარ შემთხვევას მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.

მივმართავთ „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა“, – ნათქვამია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებაში.

გუშინ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გადამღებ ჯგუფს, რომელიც ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის შესახებ სიუჟეტს ამზადებდა, „ქართული ოცნების“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოპერატორი ლევან აბლოთია კი ოფისში მყოფმა პირებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ლევან აბლოთია ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადმოიყვანეს. ოპერატორმა საავადმყოფო უკვე დატოვა და ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ „გადმოაგდეს“. „ნიუ ჰოსპიტალსის“ წრმომადგენლის თქმით, პაციენტს, მაღალტექნოლოგიური კვლევებით, ზედაპირული ტრავმები დაუდგინდა, რაიმე შინაგანი ორგანოს, თავის ტვინის ან ძვლოვანი სისტემის დაზიანება კი არ აქვს.

„ქართული ოცნება“ უარყოფს ბრალდებას, რომ პარტიის წევრებმა ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მმართველი პარტია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფთან არც ფიზიკურ დაპირისპირებას ადასტურებს.

„ოპერატორი უკან სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც ე.წ. ტერასაზე წამოედო დაბალ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან“, – განაცხადა გუშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა დივანმა, მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]