weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია – სახალხო დამცველი

10:36 ორშაბათი, 20 სექტემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ და იმ ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, შოკში ჩააგდო.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი თავიც აღმოაჩინა და ადასტურებს, რომ იქ მოცემული საუბარი მასსა და საპატრიარქოს წარმომადგენელს შორის ნამდვილად შედგა.

„მე, ალბათ, როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე, ვფიქრობდი, რომ ღია ხაზზე საუბარი სულ მცირე არ იყო უსაფრთხო. ეს იქიდან გამომდინარეც, რომ მრავალი წელია ადამიანების უფლებათა დამცველები ვსაუბრობთ, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა საკმარის დაცულობას და გარატნიას არ იძლევა იმისა, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრები არ ისმინებოდეს. შესაბამისად, ძალიან მაღალი იყო ამის ალბათობა, თუმცა, გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, იმ ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქის თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო. ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციის შესახებ ამდენი ინფორმაცია გროვდებოდეს უწყებაში.

კითხვები ნამდვილად არ მაქვს. დანამდვილებით, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია, რადგან აქ საუბარი არ არის 10-20-30 ადამიანზე, საუბარია ასობით ადამიანზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

სახალხო დამცველის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უკანონო მოსმენების მხრივ არაფერი შეცვლილა და ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს.

„ფორმალურად რამდენიმე წლის წინ შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც ზედამხედველობას უნდა უწევდეს უკანონო მოსმენებს, თუმცა რეალურად მას არანაირი ტექნიკური და სამართლებრივი ზედამხედველობის საშუალება არ აქვს, რომ ის მოსმენები, რაც ამ მასალებში ჩანს, გააკონტროლოს, ხდება თუ არა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აკონტროლებს მხოლოდ იმ მოსმენებს, რაზეც არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც არის კანონიერი“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ის ვერ ხედავს, რა კავშირი აქვს გავრცელებულ ჩანაწერებს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან: „თუნდაც, თუ ისინი ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები, მაშინ რატომ არ არის დაცული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები იმ ინსტიტუტში, რომელსაც ევალება ჩვენი უსაფრთხეობის დაცვა?“.

მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ, ქვეყანაში არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი, პირველ რიგში, პარლამენტი არ მუშაობს. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მსგავსი სკანდალის შემდეგ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დაიბარებდნენ.

„გულწრფელად ვფიქრობ, რომ საშინელ, საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. შეიძლება ვუშვებდი და ყველა ვუშვებდით, რომ პოლიტიკურად აქტიური პირების ან საჯარო პირების მიმართ ასეთი რამ ხდებოდა, მაგრამ ყველა მოქალაქეზე თუ შეიძლებოდა ამხელა ინტერესი ყოფილიყო და ამდენი რესურსი იხარჯებოდა სახელმწიფოს მხრიდან, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. შესაბამისად,

ვთვლი, რომ ეს პრაქტიკა არა მარტო ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევაა, არამედ ზოგადად ყველაფერზე ახდენს გავლენას. სახელმწიფო უწყებებში ამ ტიპის ინფორმაციის შეგროვებას და არსებობას ნებისმიერი უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით შეიძლება ჰქონდეს გავლენა“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში მოცემული ინფორმაცია ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები.

გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა.

14 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]