weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სტრასბურგის სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო – საია

12:30 ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2021
ფოტოზე - ერთ-ერთი დაშავებული ჟურნალისტი ფოტოზე - ერთ-ერთი დაშავებული ჟურნალისტი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო, კერძოდ კი, საქართველოს მთავრობას პოზიციის წარდგენის ვადა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ავრცელებს, რომელიც, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) ერთად, სტრასბურგის სასამართლოში 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებული 22 ჟურნალისტისა და დემონსტრანტის ინტერესებს იცავს.

როგორც საია განმარტავს, არსებული პროცედურების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს 2021 წლის 9 დეკემბრამდე უპასუხოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა საია-სა და EHRAC-ის მოთხოვნა, სახელმწიფოს, ასევე, ევალება წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღსანიშნავია, რომ საიას ადვოკატების მიერ ეროვნულ დონეზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს, რითაც მათ მნიშვნელოვნად ეზღუდებათ მათი პროცესუალური უფლებები“, – აცხადებს საია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 9 დეკემბრამდე წარსადგენ პოზიციაში, სახელმწიფომ საქმეებზე „თამარ ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „დავით ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული სასამართლოს მიერ დასმულ შემდეგ შეკითხვებს უნდა უპასუხოს:

  • მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაექვემდებარნენ თუ არა ისინი პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს? რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას? შეესაბამებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ზომები ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს?
  • ჩაატარეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი? რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება? მიეცათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ გამოძიების პროცესში?
  • მომჩივანი ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ პოლიცია იყენებდა ძალას, როდესაც ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდნენ, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-10 (1) მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა? თუ იყო ამგვარი ჩარევა, იყო თუ არა ეს კანონიერი და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 (2) მუხლის მიზნებისთვის?
  • მოხდა თუ არა მომჩივანი დემონსტრანტების ევროპული კონვენციის მე-11 (1) მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა? თუ ჩარევას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს გათვალისწინებული კანონით და „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ კონვენციისმე-11 (2) მუხლის მიზნებისთვის?
  • ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი?

სასამართლოს პროცედურის თანახმად, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დასმულ შეკითხვებზე საკუთარ პოზიციას წარადგენს, საია თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სახელით დამატებით წარადგენს წერილობით არგუმენტაციას ევროპულ სასამართლოში.

მოკლედ 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის დეპუტატი და ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. მან საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა ასამბლეის დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია, რის გამოც გავრილოვს და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს დატოვება მოუხდათ.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა, რასაც ჯერ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება, შემდეგ კი აქციის დარბევა მოჰყვა. ხალხის დასაშლელად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ. 

ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოებში 240 ადამიანი მოხვდა, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

20-21 ივნისის ღამეს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, შსს-ს თანამშრომლებმა სულ 342 ადამიანი დააკავეს.

 

ამ თემაზე:

უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს, ეს არის გახარიას ხელწერა – ღარიბაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]