weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ვინ შეძლებს ვაქცინის „ბუსტერ დოზის“ გაკეთებას საქართველოში

15:33 ხუთშაბათი, 07 ოქტომბერი 2021

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში გარკვეულ ჯგუფებს კორონავირუსის ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერ დოზის მიღება შეეძლებათ. ამ საკითხზე საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრეს.

„საბჭომ მხარი დაუჭირა „ბუსტერ დოზის“ გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში, ნებისმიერი ასაკის პირებში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი და ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, „ბუსტერ დოზით“ აცრას შეძლებენ ის პირებიც, ვისაც საზღვარგარეთ უწევთ გამგზავრება.

„ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა ადამიანმა, რომლებსაც უწევთ მოგზაურობა და ითხოვდნენ აცრას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში. ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებებითი ვაქცინაცია ამ დოზებით. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დაშვებულია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნეს მიზნებიდან და ეს შეიძლება იყოს „ფაიზერის“ ვაქცინა და ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა, რომელშიც პირი მიემგზავრება, იღებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან იქონიონ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იმუნიზიაციის საბჭოს წევრის, ექიმ ივანე ჩხაიძის განმარტებით, „ბუსტერ დოზა“ არ ეხება ყველა ვაქცინას.

„საქართველოში არსებული ოთხი მწარმოებლიდან „ასტრაზენეკას აქვს გაცხადებული, რომ მისი ვაქცინა ორი დოზის გაკეთების შემდეგ არ საჭიროებს გაძლიერებას, „ბუსტერს, ვინაიდან მისი იმუნიტეტი გრძელდება ხანგრძლივად.

საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია ვაქცინირებული „ასტრაზენეკათი“ და მას ეს არ ეხება. დარჩა „ფაიზერი“, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ განიხილავდა მისი ვაქცინის გაკეთებიდან 6-12 თვის პერიოდში გამაძლიერებელი, „ბუსტერ დოზის“ გამოყენების აუცილებლობას, ვინაიდან დადგენილია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად კარგად თავის დამცველობით ძალას. საქართველოში ყველაზე მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც „ფაიზერი“ გაიკეთეს და შესბამისად, მათ ექნებათ შესაძლებლობა „ბუსტერის მიღების, რა თქმა უნდა, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. პირველი ეს არის ასაკი - ასაკობრივი ჯგუფი განისაზღვრა 50 წლის ზემოთ. ანუ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გაკეთებული აქვს „ფაიზერის ვაქცინა და არის 50 წლის ასაკის ზემოთ, შეუძლია ჩაიტაროს „ბუსტერ დოზით ვაქცინაცია. რაც შეეხება 50 წლამდე ასაკს, გვაქვს განსაზღვრული ის ჯგუფები, სადაც „ბუსტერ დოზით“ ვაქცინაცია არის აუცილებელი: ქრონიკული დაავადებების მქონე 16-დან 49 წლამდე მოსახლეობა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ „ბუსტერი“ გაიკეთონ იმავე ან „ფაიზერის“ ვაქცინით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუზე მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 29.8% (849 946 ადამიანი) არის სრულად აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]