weather cur horoscope tv
აგვისტო 15, 2022

ნანგრევებში 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი, კონტაქტზე გამოდის ორი – შს მინისტრი

18:13 პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი, რომელთაგან ორს ტელეფონით ესაუბრებიან.

გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვებს ბათუმში უპასუხა.

„რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, სამაშველო ღონისძიებაში ასეულობით მაშველია ჩართული.

„საშუალება არ არის, რომ 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ადგილობრივი ხელისუფლების მერია, მუნიციპალური სამსახურები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის – ამ შემთხვევაში, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რათა ცოცხალი ვინც არის, ნანგრევებიდან ის ადამიანები გამოვიყვანოთ.

ჩვენი ინფორმაციით, ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება საყრდენი კედლის გამოცლა იყო მიზეზი. გამოძიება მიმდინარეობს და თუ დადგინდება, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოშლილია ერთ-ერთი სადარბაზო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ასევე უცნობია, რამდენი ადამიანია დაშავებული.

როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ თქვა, კორპუსი ავარიული არ იყო და ბოლო წლების განმავლობაში მასზე დაშენება არ განხორციელებულა. ადგილობრივების ნაწილი კი აცხადებს, რომ ხუთსართულიან კორპუსზე ორი სართული უკანონოდ დააშენეს, რამაც ნგრევა გამოიწვია. ნგრევის გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზად ასახელებენ პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც გაფართოების მიზნით საყრდენი კედელი დაანგრიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]