weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ნგრევა დაშენებამ გამოიწვია თუ სარემონტო სამუშაოებმა – გომელაური

11:31 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021 hits 166

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაზუსტებით ვერ იტყვის ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა პირველ სართულზე დაწყებულმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია თუ არა. ვახტანგ გომელაურის თქმით, პირველ რიგში, ტერიტორია უნდა გასუფთავდეს და ინახოს, რა არის დაზიანებული.

„ამას ვერ იტყვის გამომძიებელი და პოლიციელი. ექსპერტებმა უნდა თქვან, ეს გამოიწვია 15 წლის წინანდელმა დაშენებამ, თუ სარემონტო სამუშაოებმა, რომლებსაც აწარმოებდნენ პირველ სართულზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან.

შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს: „ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება არა. თუმცა, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას. პროკურატურამ წაუყენა ბრალი სამ პირს, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტს ამ ადამიანებს მიუსჯის თუ არა“.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიების ფარგლებში ჯერ არ გამოკითხულან ბათუმის მერიის თანამშრომლები. ჩამონგრეულ კორპუსთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ დაშანებაზე ნებართვები გაცემული იყო 15 წლის წინ.

„ეს არ დაშენებულა არც 5 წლის წინ, არც 6 წლის წინ. დაშენდა ზუსტად 15 წლის წინ. ამ კორპუსზე ვსაუბრობ, რაც ჩამოინგრა. ნებართვები გაცემულია“, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გუშინ, 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო. მაშველებმა ნანგრევებში 7 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 5 გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი დილით გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]