weather cur horoscope tv
ოქტომბერი 18, 2021

გორში ნაცემი ტურისტი მტკვარში გადააგდეს – მკვლელობის საქმეზე 5 პირია დაკავებული

22:22 კვირა, 10 ოქტომბერი 2021 hits 600

გორში, უცხო ქვეყნის მოქალაქის, 28 წლის მამაკაცის ჯგუფური მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2002 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 2004 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, 2001 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 1997 წელს დაბადებული ვ.ო. პოლიციამ დააკავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებულ ტ.კ.- ც შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით, ტ.კ.-სთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და ტ.კ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ზ.ფ.-მ გ.ო.-მ გ.ქ.-მ და გ.ბ.-მ ტ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი მდინარე მტკვარმა 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა. შსს-ს თანახმად, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ვ.ო., თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]