weather cur horoscope tv
ივლისი 06, 2022

თუშეთის გზაზე მდინარე ალაზნის გადაკეტილი დინება გახსნეს, წყლის დონემ დაიწია

23:30 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56–ე კილომეტრზე, სტიქიის შედეგად მდინარე ალაზნის გადაკეტილი დინების გახსნა მოხერხდა. როგორც „რეგინფოს“ თუშეთის გზის მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა განუცხადა, შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ხობის რაიონიდან ჩამოყვანილმა სპეციალისტმა ზურაბ გოგუამ შეძლო. დაგუბებულ მდინარეში წყლის დონემ უკვე 1 მეტრით დაიწია.

„მეწყერის ადგილას კლდოვანი მასა აგვისტოშიც მოწყდა. ის ადგილი, საიდანაც წყალი გასვლას ახერხებდა, კიდევ გადაკეტა და წყლის დონემ ისე აიწია, რომ 22 აგვისტოს სამანქანო გზის ნაწილი დაფარა. პირველ რიგში რაც შევძელით, გზა ხელოვნური ყრილებით ავამაღლეთ, რომ მოძრაობა არ შეწყვეტილიყო, თუმცა ნელ–ნელა წყალიც ზემოთ იწევდა.

ადგილზე რამდენიმე სპეციალისტი ჩავიყვანეთ, რომ დაგუბებული მდინარის დინება როგორმე გაეხსნათ. ტრაქტორით იყო სამუშაოები ჩასატარებელი, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა. სადაც მეწყერია და ქვები ცვივა, ზუსტად ძირშია ის ადგილი და რისკი საკმაოდ მაღალი იყო. გუშინ ხობიდან ჩამოვიყვანეთ ზურაბ გოგუა, რომელსაც არც წყალი აშინებს, არც ქვა და არც კლდე. დღეს მდინარის დინება გახსნა დაახლოებით 3 მეტრით. კლდის ნაწილიც ავაფეთქეთ და წყლის დონემ უკვე ერთი მეტრით დაიწია.

ხვალ კიდევ გავაგრძელებთ სამუშაოებს, ტრაქტორით წყალში ჩავა და წყლის დონეს უფრო შევამცირებთ“, – უთხრა „რეგინფოს“ ტარიელ წიკლაურმა.

ზურაბ გოგუა 54 წლის არის. ოჯახთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში ცხოვრობს და ქობულეთში გვირაბის მშენებლობაზეა დასაქმებული. 9 წელია ის ტრაქტორით მუშაობს და საქართველოს მასშტაბით ყველაზე რთული სამუშაოების შესრულების გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. აპრილის თვეში, განმეორებითი, დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც არსებული მდგომარეობა უფრო დაამძიმა. თუშეთის გზის გახსნა დაახლოებით 1 თვით დაგვიანდა და მაისის შუა რიცხვების ნაცვლად, 12 ივნისს გაიხსნა.

თუშეთის გზაზე ყველაზე ინტენსიური მოძრაობა აგვისტოშია, როცა თუშეთს, სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. სექტემბრის ბოლოდან კი მეცხვარეები შირაქის საძოვრებზე ცხვრის გადმოყვანას და ტვირთის ჩამოტანას იწყებენ, რის გამოც გზაზე სატვირთო მანქანების სიმრავლეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]