weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან – მეუფე დიმიტრი

10:47 შაბათი, 16 ოქტომბერი 2021

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) საყოველთაო შერიგების იდეას ეხმაურება და იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს.

მეუფე დიმიტრის თქმით, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს.

„შერიგება საღმრთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს.

პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?“ – დაწერა მიტროპოლიტმა Facebook-ზე და სულხან მოლაშვილის ბოლო ინტერვიუ გააზიარა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას სინოდის ორმა წევრმა მოაწერა ხელი: ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე). მათ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროშიც მოინახულეს.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საყოველთაო შერიგებაზე ფიქრი უნდა დაიწყოს.

„მე ვამბობ მარტივ რაღაცას, რომ ის იყო ქვეყნის პირველი პირი, ის იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში და ქვეყანას კიდევ ეყოლება პირველი პირები. ამ ხელისუფლების ყოფილი პირველი პირებიც გვყავს და ამიტომ ვამბობ, რომ შემწყნარებლობის, შერიგების, თანამშრომლების მაგალითი პირველმა პირებმა უნდა მოგვცენ რიგით მოქალაქეებს. ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ეპისკოპოსი მელქისედეკიც ამბობს, რომ „აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა“.

„ერთმანეთთან დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს, ეკლესიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი. ბოლო ათეული წლებია, სულ დაპირისპირებაში ვართ და არ შეიძლება“, – ამბობს მღვდელმთავარი.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 8 წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-16 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]