weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„საქმეში არ არსებობს“ – ადვოკატი „იმედის“ მიერ გავრცელებულ სააკაშვილის ვიდეოზე

15:47 პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასიალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ სააკაშვილის მიერ ტრაილერში ყოფნისას არის გადაღებული, საქმეში არ არსებობს და შესაბამისად, მის ავთენტურობას არ ადასტურებს.

„ეს მასალები საქმეში არ არსებობს. მიხეილ სააკშვილის ტელეფონები, მას შემდეგ რაც მოიღეს, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და არანაირი ინფორმაცია ოფიციალურად არ არის ამოღებული და დამაგრებული საქმეზე. შესაბამისად, ამ ვიდეომასალის ავთენტურობას არ ვადასტურებ“, – განაცხადა ბასილაიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ადვოკატის თქმით, თუ ვიდეომასალა არსებობს, მისი ამ ფორმით გასაჯაროება ნიშნავს იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა „ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“ ჩამოტვირთეს და გადასცეს კონკრეტულ ტელევიზიას გასავრცელებლად.

„ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებს დანაშაული აქვთ ჩადენილი, ცალსახად“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული ვიდეო ტრაილერში არის გადაღებული იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ბრუნდებოდა. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს: „ეს არის მოტაცება. არ ვიცი, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს. სად მივყავარ, ეგეც არ ვიცი ბოლომდე, მაგრამ ვიდეო მაინც მაქვს თან. გამორჩათ, დამალული მქონდა კარგად“. ტელეკომპანიის ვერსიით, სააკაშვილი გატაცების სცენარს აამუშავებდა იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]