weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ტიკარაძის თქმით, გლდანის ციხის კლინიკას განმეორებით შეისწავლიან

15:43 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს N18 პენიტენციური დაწესებულების განმეორებით შესწავლას დაავალებს. აღნიშნულ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა განიხილება იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. 

„იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, თუ რომელ ტიპს შეესაბამება ეს კლინიკა, რა ხარისხის არის, მე დავავალებ რეგულირების სააგენტოს განმეორებით შეისწავლოს ეს კლინიკა, შესაბამისი დასკვნა დადოს კლინიკის მზაობის შესახებ და გასაჯაროვდეს, რათა აღარ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს, რადგან

თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის ინტერესი თანაბრად იყოს დაცული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის ვერ ისაუბრებს N18 დაწესებულებაში უსაფრთხოების საკითხზე, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის.

„რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც ექიმების მხრიდან არის გაცემული, ეს არის დოპლერი, კომპიუტერული ტომოგრაფია, ამ კლინიკას აქვს დოპლერის აპარატი, როგორც ვიცი რამდენიმე ხანში ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან მობილური დანადგარია, რომლის გადაადგილება შესაძლებელია და პენიტენციური სამსახური ამას უზრუნველყოფს. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფს, კომპიუტერული ტომოგრაფი გააჩნია კლინიკას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მანამდე მისმა პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ გლდანის ციხესთან არსებული სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი აპარატურით, დაკომპლექტებულია გამოცდილი პერსონალით და შეუძლია საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო მომსახურების გაწევა.

ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგი არიან თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი უფლებადამცველები.

ციხის საავადმყოფოში მონიტორინგი სახალხო დამცველმაც განახორციელა. სახალხო დამცველის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს იქ გადაიყვანენ, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა კონსილიუმის მიერ, ადგილზე ვერ შესრულდება და საჭირო იქნება, პერიოდულად პაციენტის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. სახალხო დამცველის ცნობით, ციხის საავადმყოფოში ვერ ჩატარდება, მაგალითად, მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და დუპლექს-სკანირება.

სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ დაწესებულებაში არ მუშაობდა ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, შესაბამის სპეციალისტებს უახლოეს პერიოდში ელოდებოდნენ. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს თქვა, რომ ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ადგილზეა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

სახალხო დამცველი ციხის საავადმყოფოში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებისა და ექიმთა ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ უნდა შეირჩეს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]