weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სააკაშვილის ბედი უკავშირდება სამშობლოს განვითარების ბედს – მეუფე გრიგოლი  

17:05 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ არ სურს ახალგაზრდა პრეზიდენტი იგლოვოს. მიტროპოლიტის თქმით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

„ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია. მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდეც, მაგრამ ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი. ესე იგი, არაჩვეულბრივი პატიმარია.

ძალიან პრობლემურია და გულდასაწყვეტია, რომ უკვე მერამდენედ ჩვენი საზოგადოება უკიდურესად დაპირისპირებულია, პოლარიზებულია. მოვისმინეთ საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ცოტა უცნაურია, იმიტომ, რომ შერიგება რომ მოხდეს, პირველ რიგში, ღირებულებათა თანხვედრა უნდა იყოს, ჩვენ კი ღირებულებითი შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში. თუ ღირებულებით ნაწილში რაღაცაში მაინც შევთანხმდებოდით, მერე შეიძლება უკვე დანარჩენზე საუბარი.

არსებობს ღირებულებათა ერთგვარი იერარქია და სხვათა შორის, კათოლიკოს პატრიარქმა ეს დიდი ხნის წინ თქვა – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. გასაგებია, რომ ღმერთის რწმენა ეს უდიდესი რამ არის, მით უმეტეს, მორწმუნე ადამიანისთვის. სამშობლო ეს არის უპირატესი ცნება და მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი არის განსაკუთრეგული ყურადღების ცენტრში ღვთისა და სამყაროსი.

შესაბამისად, ამ ღირებულებათა სისტემაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთის შემდგომ სამშობლო. ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი. ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოს და სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს.

თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, თუნდაც პირად ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სააკაშვილი თავს პუტინის პატიმარს უწოდებს, არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებს და პროტესტის ნიშნად 29-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანონ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთი დაწესებულებაა გლდანის ციხის საავადმყოფო.

„მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

სააკაშვილი და მისი ადვოკატები კატეგორიულ უარს აცხადებენ ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციაზე. სახალხო დამცველიც აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც კონსილიუმმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს, აღარ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და ანალიზებს აღარ ჩააბარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]