weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ცესკოს თავმჯდომარე: ქუთაისში 2396 ბიულეტენი გაბათილდა, ბათუმში – 2071

13:11 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის მონაცემების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.

კალანდარიშვილის თქმით, მერის არჩევნების მეორე ტურში, ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობა მიიღო 1 015 491-მა ამომრჩეველმა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა კი 2.96%-ია.

„რადგან მედიაში აპელირება ხდება ქუთაისზე, ბათუმსა და ზუგდიდზე, ამ ქალაქებთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ, რომ საერთო სურათიდან არ არის ამოვარდნილი. უფრო მეტსაც გეტყვით, ქუთაისში 70 048 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ბათილია 2396 ბიულეტენი, რაც ჯამური ოდენობის 3.42%-ს შეადგენს. მაგალითად, ბათუმში 77 034 ამომრჩეველი მივიდა, საიდანაც გაბათილებულია მხოლოდ 2071 ბიულეტენი, რაც 2.69%-ია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ოლქებში შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება, რაც ბათილი ბიულეტენების გადათვლასაც გულისხმობს.

„შემოსულია საჩივრები და ცხადია, სადაც კი იარსებებს დადასტურებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ აუცილებელია საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამ საჩივრებზე დამატებითი რეაგირება და ბათილობის ნაწილში საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადახედვა მოხდეს, ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ ხმების 48.982% (36 710 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა – 50.018% (38 236 ხმა). კირთაძისა და ჩიქოვანის ხმებს შორის სხვაობა 1526-ია.

ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს ხმების 48.357% (32 703) ხმა აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს – 51.643% (34 925 ხმა). ცესკოს შედეგებით, ხახალეიშვილმა დეკანოიძეს 2222 ხმით აჯობა.

გადათვლის ცენტრები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ უბნებს დღეს, 17:00 საათიდან გადაითვლიან.

ცესკოს თავმჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიებს გუშინ მიმართა რეკომენდაციით, კანონით სავალდებული 5-5 უბნის ნაცვლად, გადათვლის მიზნით 7-7 უბანი გამოევლინათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, სულ 196 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება.

მერის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]