weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სალხინოს მონასტერთან ხმაური იყო, რამდენიმე ადამიანი პოლიციაში გადაიყვანეს

17:08 კვირა, 07 ნოემბერი 2021

მარტვლიში, ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალ სალხინოს მამათა მონასტერთან ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მრევლის ნაწილმა წირვაზე დასასწრებად მონასტერში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციაში რამდენიმე ადამიანი გადაიყვანეს. დაპირისპირების შემდეგ ადგილზე ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირები მივიდნენ.

სალხინოს მონასტერში წირვა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ჩაატარა. მსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეც (გამრეკელი) ესწრებოდა.

განკვეთილმა მონაზონმა ათინოგენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის რეჟიმი მყარდება.

„საერთოდ არ არსებობს ეკლესიური და ქრისტიანული თავისუფლება. დღეს სახელმწიფომ და ეკლესიამ ერთად გადაწყვიტეს ადამიანის თავისუფლების ხელყოფა. ეს პოლიციელებიც წმენდენ გზას საბჭოთა რეჟიმის აღსრულებისთვის. ამათ როგორ უნდა დაემორჩილო, გამაგებინეთ? ეპისკოპოსი, რომელიც მილიციას, უშიშროებას იხმარებს ხალხთან შესახვედრად... დღეს ჩვენ აქ არ ვყოფილვართ, მოსულან ადგილობრივები და ეს მღვდელმთავრები... აგერ, ქუთათელ-გაენათელი რომ ჰყავდათ ჩამოყვანილი, კაცი ამბობს, ტაძარი იყო სავსე ადგილობრივი ადამიანებითო და როდესაც ადგილობრივები მისულან, ისინი დააპატიმრეს. ეს თუ ქრისტიანობაა, ეს თუ სამართალია, ესენი თუ არიან ქრისტიანები და ასე თუ უნდა ექცეოდეს ეკლესია ადამიანს, თქვენთვის მომინდვია.

ყველა ქართველი, ყველა მართლმადიდებელი, ყველა ადამიანი, რომელსაც თავისუფლება და ქრისტიანობა უნდა დაიბრუნოს, აქ უნდა იდგეს. ჩვენ ვერსად გაგვიშვებენ - ან მოგვკლავენ, ან საპყრობილეში ჩაგვაგდებენ.

მე მამათმავლობაში ბრალდებულ პატრიარქს არ ვემორჩილები. ვინც გვერდში უდგას, ყველას ვეუბნები, რომ არასწორები ხართ. თუ მეუფე პეტრე ვერ დაამტკიცებს ამ ყველაფერს, მაშინ მე თვითონ ჩავალ მიწაში, თუ ჩვენ ვიტყუებით“, – განაცხადა მონაზონმა ათინოგენმა.

მეუფე სტეფანემ კითხვაზე, რატომ არ უშვებენ მრევლს მონასტერში, განაცხადა, რომ დროებით აბრკოლებენ მათ, ვინც შფოთს იწვევს.

„ახლა როცა ორგანიზებულია შფოთი, ვიღაცას ყვირილი უნდა და აქ ხელი უნდა შეუშალონ მღვდელმსახურებას, ამ შემთხვევაში გარკვეული პერიოდით ვაჩერებთ. სისხლის სამართლის დანაშაულია, როდესაც ხელს უშიან მღვდელმსახურებას“, – განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა მედიასთან.

5 ნოემბერს, გამთენიისას, საპატრიარქოს ჩოხოსნებმა სალხინოს მონასტრის ტერიტორია მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს დაატოვებინეს. ამის შემდეგ მიტროპოლიტმა თქვა, რომ მომდევნო დღიდან მონასტერში მონასტრული ცხოვრება გაგრძელდებოდა – „ეკლესიისადმი მორჩილებით და პატრიარქის მოხსენიებით“.

29 ოქტომბერს, საპატრიარქომ შვიდ განკვეთილ მონაზონსა და ბერ-დიაკონს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, საეკლესიო ქონებით სარგებლობა და მისი განკარგვა 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ. წერილში ნათქვამი იყო, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ 11 სექტემბრის ბრძანებით მათ აუკრძალა ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში, ასევე ეკლესიის კუთვნილებაში არსებულ სხვა შენობა-ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა, საეკლესიო მიწებითა და სხვა ქონებით სარგებლობა. განკვეთილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]