weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირი სახალხო დამცველს მიმართავს

17:15 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021
ფოტო © Livepress ფოტო © Livepress

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მიერ განკვეთილი და სალხინოს მამათა მონასტრიდან გაძევებული მონაზონი ათინოგენი დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს.

„სახალხო დამცველი ჩვენ არ გვაქცევს ყურადღებას. მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას, მოგვხედოს, რამეთუ აქ დარღვეულია ადამიანის უფლება. ეკლესიის ადმინისტრაცია, რომელიც დაკომპლექტებულია „კაგებეშნიკებით“, კაზაკებით, ჩვენ გვებრძვის. მოგვადგნენ და გამოგვყარეს მონასტრიდან. პოლიცია ჩადგა ჩვენსა და მათ შორის და იცავს მათ. ჩვენ აქედან არ წავალთ. იძულებული ვართ, გადავიდეთ, ალბათ, ქუჩის აქციებზე. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს“, – განაცხადა განკვეთილმა მონაზონმა.

მისივე თქმით, გუშინ, სალხინოს მონასტრის შესასვლელთან ახალგაზრდები და ერთ-ერთი განკვეთილი სასულიერო პირი პოლიციამ უკანონოდ დააკავა.

„ჩვენ როცა გავიგეთ ახალგაზრდების დაკავების ამბავი, მეორე მონასტერში ვიყავით და აქ მოვედით: მე, მორჩილი შალვა ჩხიკვაძე და მამა მარკოზი. როცა ქუთაისელმა, მატყუარა მღვდლების კოლონამ ჩაგვიარა, მათ შეძახილებით ვაცილებდით და მოვარდა პოლიციის უფროსი. დაიჭირეს შალვა, ხელიდან ამართვეს, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს და უჭირს გადაადგილება. მას აბრალებენ მილიციაზე ზეწოლას. ტყუილია ეს ყველაფერი“, – განაცხადა განკვეთიმა მონაზონმა ჟურნალისტებთან.

გუშინ, მონასტერთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 7 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ექვსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იქნა დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო მეშვიდე დაკავებულს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას ედავება. დაკავებულთა შორის მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი მონაზონი მარკოზიც იყო, რომელმაც პოლიციის განყოფილება გვიან საღამოს დატოვა.

სალხინოში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მრევლის ნაწილმა წირვაზე დასასწრებად მონასტერში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. წირვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ჩაატარა და მას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეც (გამრეკელი) ესწრებოდა.

11 სექტემბერს, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სასულიერო და სამონაზვნო დასიდან შვიდი სასულიერო პირი განკვეთა. ამასთან, მათ და კიდევ ორ ადამიანს ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში ცხოვრება და საქმიანობა, აგრეთვე, საეკლესიო მიწების გამოყენება აუკრძალა. 29 ოქტომბერს, საპატრიარქომ განკვეთილ მონაზვნებსა და ბერ-დიაკონს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, საეკლესიო ქონებით სარგებლობა და მისი განკარგვა 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ. 5 ნოემბერს ისინი მონასტრის ტერიტორიიდან საპატრიარქოს ჩოხოსნებმა გამოაძევეს.

ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო ორი წელია დაპირისპირებაა. სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვალში ეპარქია სამართავად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ჩააბარეს. მანამდე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე პეტრე (ცაავა) მართავდა. წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან 2019 წლის ოქტომბერში გადააყენა „კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ილია მეორე მამათმავლური ცოდვით არის შეპყრობილი და შეუძლია ეს ბრალდება მოწმეებით დაადასტუროს.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მეუფე პეტრეს უჭერს მხარს და მის ბრალდებებზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია, რის გამოც არ ემორჩილებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]