weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2022

საიას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსზე განცხადებას ავრცელებს

16:23 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საოლქო – საარჩევნო კომისიებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესში შეარჩიონ მხოლოდ დამოუკიდებელი, სანდო რეპუტაციისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები.

„ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში შესაძლო არასათანადო ჩარევების და კომისიების მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირებით დაკომპლექტების განზრახვების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყურადღებით სწავლობს როგორც მედიაში ამ მიმართულებით გავრცელებულ ინფორმაციას (და ამ ინფორმაციის შეგროვების და გავრცელების კანონიერებას), ასევე დააკვირდება თავად კონკურსების პროცესს და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდის სრულყოფილ, ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.

მანამდე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ შემდეგი:

2017 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი იმართება. საუბნო კომისიები, კანონმდებლობის მიხედვით, კომპლექტდებიან როგორც პარტიული, ასევე პროფესიული წევრებით (7 პარტიული და 6 პროფესიული წევრი). შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული წევრების კვოტით კომისიის შემადგენლობაში რეალურად იყვნენ წარმოდგენილნი დამოუკიდებელი, კომპეტენტური კადრები და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ან მისდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები.

პროფესიული კადრების კვოტის პოლიტიკურად არანეიტრალური პირებით შევსება საფრთხეს უქმნის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობას. ამასთან, მსგავსი პრაქტიკა, რაც არაერთ წინა არჩევნებზე იქნა დაფიქსირებული, მათ შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მიზანს და სულისკვეთებას და აუცილებლად უნდა იქნეს აღმოფხვრილი.

შესაბამისად, საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება პროცესის ღიაობა, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსგავსი მანკიერი პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ხარვეზიანი საკანონმდებლო ბაზა, რომლის რეფორმირების აუცილებლობაზე საია და პარტნიორი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არაერთი წელია ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა, ნაცვლად პრობლემის აღმოფხვრისა, მიმდინარე წელს, მმართველი პარტიის ინიციატივით საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც არათუ არ აგვარებს აღნიშნულ პრობლემებს, არამედ დამატებით გამოწვევებს ქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და მისდამი საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების მიმართულებით“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საოლქო კომისიებს: საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარმართონ, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება ობიექტურობა და მიუკერძოებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას; საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესში შეარჩიონ მხოლოდ დამოუკიდებელი, სანდო რეპუტაციისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები.

საიას ასევე მოუწოდებს ცესკოს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მიმდინარე პროცესს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია კონკურსის მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე; ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში გამოვლენილ შესაძლო არასათანადო ჩარევის ფაქტებზე; გააგრძელოს მუშაობა საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი წესების გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით, რათა საარჩევნო კომისიების მსურველ პირთა შორის უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო კანდიდატების გამოვლენა.

საია ითხოვს, საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს დისკუსია და განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირეული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები (ცესკო, ოლქი) პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდებიან აპოლიტიკური და დამოუკიდებელი წევრებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]