weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

გარემო, სადაც სააკაშვილი მოათავსეს, უხეშად არღვევს ღირსების უფლებას – სახალხო დამცველი

11:09 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გლდანის ციხის პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, ცალსახად ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

ნინო ლომჯარიამ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი წუხელ მოინახულა. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია გლდანის N18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ვინაიდან რუსთავის N12 დაწესებულებაში შეატყობინეს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, რასაც იგი დათანხმდა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მისი წარმომადგენლები რუსთავის ციხეშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს.

„სახალხო დამცველთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ იგი, მისი უარის მიუხედავად, ძალის გამოყენებით შეასახლეს N18 დაწესებულებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. კერძოდ, N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს.

პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას შეურაცხყოფის ხმები დააფიქსირეს სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა. მაღალი ალბათობით, მსგავსი ვითარება გაგრძელდება და ანალოგიურ ვერბალურ აგრესიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარებიან.

სახალხო დამცველმა თავის განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ პატიმრის N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში გადაყვანა გამოიწვევდა N8 და N18 დაწესებულებების დეზორგანიზაციას, ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და შეურაცხყოფის მნიშვნელოვანი საფრთხის გამო“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ.

„2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე შეფასებით, N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]