weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2022

ადვოკატი ითხოვს, სასამართლომ სააკაშვილის პროცესზე გამოცხადება უზრუნველყოს

14:49 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021 hits 189

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოითხოვა, რომ მოსამართლეებმა პატიმრის სასამართლოს დარბაზში გამოცხადება უზრუნველყონ.

ბასილაიამ „ბოდვა“ უწოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანას არეულობის და ჯანმრთელობის რისკები ახლავს თან. ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ ადვოკატმა თქვა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანა ყოველგვარი არეულობის გარეშე მოახერხა.

„თუ ის უზრუნველყვეს, რომ გლდანში მისი ნებართვის გარეშე, მოტყუებით გაეტაცათ და არაფერი მომხდარიყო, ის რატომ ვერ უნდა უზრუნველყონ, როცა 24 საათით ადრე მიუვიდათ მოთხოვნა, რომ აქ მოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი, თუ არ არის იმის შიში, რომ საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცემა.

მიხეილ სააკაშვილს მე დღეს პირადად შევხვდი. ის თავისი ფეხით, ყოველგვარი დახმარების გარეშე, ჩამოვიდა მეოთხედან პირველ სართულზე, წერს ჩვეულებრივ. ძალიან სუსტად არის, დაეწყო ტკივილები, ხვალინდელი, ზეგინდელი დღე მის ჯანმრთელობაზე როგორ აისახება და საერთოდ, მისი სიცოცხლე დღეს რამხელა რისკის ქვეშ დგას, ეს ცალკე საკითხია. უმძიმესი მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ის, რომ პროცესზე მონაწილეობას შეძლებს, ამას ვადასტურებ – ეს ერთი. მეორე –

ყველაზე მთავარია, რომ მას პროცესში მონაწილეობის სურვილი აქვს, მას უნდა, აქ მოვიდეს და ჩვენ ვითხოვთ სასამართლოსგან – ხომ ხართ ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, ხომ ამბობთ, რომ პოლიტიკურად არ ატარებთ ამ პროცესს – უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მანამდე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მიხეილ სააკაშვილის პროცესში მონაწილეობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. პროკურორმა კანონის ნორმები მოიშველია და თქვა, რომ თუ ობიექტური გარემოებების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხდა პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია სხდომა მისი მოთავსების ადგილზე ჩატარდეს. ალტერნატივის სახით, პროკურორმა სასამართლოს პროცესში სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობაც შესთავაზა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის N18 მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ გადაიყვანა. უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც, რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით იგეგმებოდა დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით.

„მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა პენიტენციურმა სამსახურმა.

უწყების ინფორმაციით, ამ გარემოებების გამო, მოკლებული არიან შესაძლებლობას მოახდინონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში წარდგენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]