weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარზე დროებითი ღონისძიება გამოიყენა

10:51 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მხარეებს – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.

სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარს პრიორიტეტი მიანიჭა. მხარეებმა სასამართლოს მოთხოვნილი ინფორმაცია 24 ნოემბრამდე უნდა გაუგზავნონ. მიხეილ სააკაშვილს მისი ადვოკატები თამთა მურადაშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია წარმოადგენენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 10 ნოემბერს მიმართეს და მოითხოვეს, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში. ბრეგაძის თქმით, მომჩივანი მხარე განმარტავდა, რომ N18 დაწესებულებაში არ არის სათანადოდ დაცული პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

„სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა“, – აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განმარტებით, სააკაშვილის საჩივარი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას, არამედ ეს „ერთ-ერთი მოსაზრება იყო“.

„სტრასბურგის სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს ზურუნველყოფილი“, – თქვა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილებულია.

„სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით, ამ წუთისთვის ციხის მე-18 დაწესებულებაში. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, ციხეშიც და ზოგადადაც და ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა მისი ადეკვატური, რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი.

ასევე, ჩვენ დაგვევალა, რომ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

24 ნოემბერს, კიდევ ერთხელ, ეს ინფორმაცია შეჯერდება და მაღალი ალბათობით, კვლავ იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. საქმე არის პრიორიტეტული და აქვე სასამართლო ახსენებს საქართველოს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა, არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, ერჩივნათ, რომ პირდაპირი მითითება ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე, „მაგრამ ასეთი რაღაცები პრაქტიკულად არ ხდება“.

„ჩვენთვის მთავარი მიღწეულ იქნა, რომ საერთაშორისო სასამართლომ ეს აღიარა შიმშილობად და სახელმწიფო დაავალდებულა, რომ მიხეილ სააკაშვილს თმა არ უნდა ჩამოუვარდეს თავიდან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებიდან, სადაც ის პირველი ოქტომბრიდან შიმშილობდა, გლდანის N8 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სააკაშვილის თქმით, ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]