weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ევროკავშირის ელჩმა სოფელ იყალთოში ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნა

15:15 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნა. შენობის განახლება და თბოიზოლაცია ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა. ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიის გამოყენებით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და ამავდროულად ხარჯების 60%-საც დაზოგავს.

ეს პირველი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღია კახეთის რეგიონში.

„ამ საბავშვო ბაღისთვის ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ნარჩენებს ვენახებიდან, კერძოდ წალამს, რაც გათბობის იაფი და კარგი საშუალებაა. ამ მეთოდის მეშვეობით, ნაკლები ენერგიისა და ნაკლები ფინანსური რესურსების გამოყენებით, ჩვენ უკეთეს და ჯანსაღ გარემოს ვუქმნით ბავშვებს. ევროკავშირი კვლავაც მხარს დაუჭერს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო რეფორმას და ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას, როგორიც აქ, იყალთოშია“, – განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.

აქამდე იყალთოს საბავშვო ბაღი გასათბობად შეშას იყენებდა და როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, ზამთარში შენობის მხოლოდ 40% თბებოდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საბავშვო ბაღის შენობას, სხვა ობიექტებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თელავის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა.

სათბობად ბიომასის გამოყენება ამცირებს როგორც სათბურის გაზების გამოფრქვევას, ასევე ხარჯებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა შენობის თბოიზოლაციას, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლის, ქსელთან მიერთებული მზის მიკრო ელექტროსადგურისა და ენერგოეფექტური ფანჯრების მონტაჟს, აგრეთვე არსებული ნათურების LED სანათებით ჩანაცვლებას. ჯამში, ენერგოხარჯები 60%-ით შემცირდება. გარდა ამისა, ევროკავშირმა მუნიციპალიტეტს გადასცა ორი ტრაქტორი, ბიომასის შემგროვებელი და გადამამუშავებელი სპეციალური ტექნიკა, რითაც ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას.

საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონია ენერგოეფექტურობის საკითხებზე ევროკავშირის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“ და ევროკავშირის ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]