weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს შეწყვიტოს შიმშილობა, ეს ცეცხლთან თამაშია – გამყრელიძე

14:51 სამშაბათი, 16 ნოემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამასთან, გამყრელიძეს მიაჩნია, რომ უნდა აღსრულდეს ის დასკვნა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი რეაბილიტაციის და სათანადო სამედიცინო დაწესებულების შესახებ ექიმების კონსილიუმი დადებს.

ამირან გამყრელიძემ განცხადება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

„მე ვიცნობ საკმაოდ კარგად საქართველოს მესამე პრეზიდენტს. გარკვეული პერიოდი ჩვენ ერთად მოგვიწია მუშაობა პარლამენტში, 90-იანი წლების ბოლოს, ასევე, საქართველოს მთავრობაში. ახლო ურთიეწრთობა მაქვს მის ოჯახთან. ამ ახლო ურთიერთობების მიუხედავად, ბევრ საკითხში ჩვენი შეხედულებები იყო განსხვავებული, მაგრამ ამას ახლა ვერ ვეხები.

ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ ის გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია, ექიმის მოვლაოებაა პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება.

მე ერთ-ერთი თანაავტორი ვარ „პაციენტის უფლებების შესახებ“ 2001 წელს მიღებული კანონის, რომლის მიხედვითაც, პაციენტის უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე უზენაესი და მას უნდა უტარდებოდეს საჭირო სამედიცინო დახმარება. ამავე დროს, მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც საქართველოში გააუქმა სიკვდილით დასჯა.

ეს ყველაფერი ტყუილად არ ვთქვი: მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ეს მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია, ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ექიმთა ორივე კონსილიუმი – იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი და ალტერნატიული, ცენტრ „ემპათიას“ მიერ ჩამოყალიბებული – პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.

„მე ძალიან ვენდომი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია. იქ არის საქართველოს 5 გამორჩეული ექიმი თავის სპეციალობაში. მე თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ისევე, როგორც მეორე, ალტერნატიული კონსილიუმი, სადაც ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან და ასევე ძალიან მაღალი დონის ექიმები. ამიტომ, ჩემი სურვილი და მოწოდებაა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ის უკვე პაციენტია და იმ ზღვარზე შეიძლება მივიდეს, როდესაც საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევები და დახმარება.

მოგეხსენებათ, რეაბილიტაციის პერიოდიც საკმაოდ რთულია და დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას. მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება ბატონ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება მას, რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს. პოლიტიკოსებმა, მედიამ გვერდზე გავწიოთ ეს საკითხები და ვკონცენტრირდეთ ჯანდაცვის საკითხებზე, ამის გადაწყვეტა მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს.

კონსილიუმი, როგორც ერთი, ასევე მეორე დაკომპლექტებულია საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნის დადება. კეთილი ვინებოთ და მერე ეს დასკვნა აღვასრულოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს განმარტა, რატომ ვერ შედის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილი ექიმთა ჯგუფი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში. ბრეგაძის თქმით, კონსილიუმი შეიქმნა იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, ხოლო ახლა, როდესაც პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, კონსილიუმის რეკომენდაციები საჭირო აღარ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]