ექიმის თქმით, გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და კომატოზურ მდგომარეობაშია.
„დადგენილია ჰემორაგიული ინსულტი. მოცემული მომენტისთვის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა წუხელ გიორგი გვარამაძემ.
53 წლის გენადი ბესტაევი ცხინვალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გვიან ღამით გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ინსულტი ცხინვალის ციხეში 15 ნოემბერს განუვითარდა.
საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (საზღვრის უკანონო კვეთა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა) გაასამართლეს და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობასთან დაკავშირებით შეიწყალა.
„უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს. მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – აცხადებენ საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.