weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა

23:28 ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება ძალიან სახიფათოა.

„მდგომარეობა როგორც კრიტიკული შეფასებულია იმიტომ, რომ 48 დღეა შიმშილობს. მას უკვე აქვს ენცეფალოპათიის ნიშნები, მას აქვს კალიუმის ნაკლებობა, აქვს ჰემოგლობინის დაბალი ციფრები, რაც თალასემიასთან კომბინაციაში გვაძლევს სახიფათო გართულების შესაძლებლობას. აგრეთვე, თვითონ აღნიშნავს გასტროდიოდენური სისხლდენის ნიშნებს და ეს ყველაფერი ჯდება იმ სტატუსში, რასაც ჰქვია კრიტიკული მდგომარეობა“, – განაცხადა ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გრიგოლიამ.

რაც შეეხება ციხის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურას, ექიმის თქმით, N18 დაწესებულება არ არის ცუდად აღჭურვილი. გიორგი გრიგოლიას ინფორმაციით, იქ ორი კვირის წინ გახსნეს სპეციალური რეანიმაციული ოთახი, სადაც თანამედროვე აპარატურაა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოყვანილია მორიგე ბრიგადა, ანუ ყოველ დღეს დაწესებულებაში მორიგეობს ერთი ზოგადი პროფილის ექიმი (ან თერაპევტი ან ქირურგი) და ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექიმი რეანიმაციაში, ანუ სულ გადმოყვანილია 5 რეანიმატოლოგი - 1 დღის და 4 ღამის. როგორც გითხარით, დაწესებულება აღჭურვილია კარგად, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დაწესებულება არ არის იმისთვის მზად, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ არის სარეანიმაციო პაციენტი (და იმედია, რომ არ იქნება), მაგრამ ის არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, ვინაიდან ის არ წყვეტს შიმშილს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად გართულდება, იმიტომ, რომ 48 დღეს კრიტიკული ზღვარია. მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, რაც მოიცავს ძალიან ინტენსიურ სითხეების გადასხმას, ელექტროლიტების ბალანსს, ვიტამინებისა და მინერალების მიღებას. ეს ყველაფერი არ კეთდება, მე არ ვიცი, რა ტაქტიკაა იქ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ცალკე ოთახში და აქეთ, ცალკე ოთახში გამზადებულია რეანიმაციული ბრიგადა“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

ექიმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოშიმშილე ადამიანი კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯებს, ძალიან სწრაფად იწყება სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა, პოლიორგანული უკმარისობა და ამ სტადიაში მისი მკურნალობა გაცილებით მძიმეა, ძალიან ბევრ შემთხვევაში კი შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს. გრიგოლიას თქმით, ინტენსიურ თერაპიის ჩასატარებლად მულტიპროფილური სპეციალისტები არიან საჭირო, რომლებიც N18 დაწესებულებაში 24 საათის განმავლობაში ადგილზე არ არიან.

„საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ ეს სულ ახალი სტრუქტურაა, არ არის კომუნიკაცია ახალ ექიმებსა და ადგილობრივ ექიმებს შორის, რომლებიც იქ ხანგრძლივად მუშაობენ. არ არის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სპეციალისტებმა ყოველ დღე ჩაუტარონ კონსულტაცია. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ასეთ მდგომარებაში პაციენტი არ უნდა იმყოფებოდეს ამ დაწესებულებაში. კიდევ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი - ჩვენ ვკითხეთ ადგილობრივ ექიმებს: რომ დაიწყოს სიცოცხლისთვის ძალიან სერიოზული გართულებები, როგორიც არის მიოკარდიუმის ინფარქტი, ემბოლია, ინსულტი და ა.შ., რას აკეთებენ. მათ გვითხრეს, რომ პაციენტი ტრანსპორტირებული იქნება შესაბამის დაწესებულებაში. ამან კიდევ ერთხელ მოგვცა შესაძლებლობა დაისვას საკითხი შემდეგნაირად: თუ ასეთი სერიოზული გართულებების დროს შესაძლებელია ადამიანის ტრანსპორტირება მულტიპროფილურ დაწესებულებაში, რატომ არ შეიძლება ის გადავიდეს მაშინ, როცა იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში და სჭირდება მულტიპროფილური ინტენსიური თერაპია? ყველანი დავეთანხმეთ ერთმანეთს, რომ ძალიან სახიფათოა ამ პაციენტის ამ დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება“, – განცხადა გიორგი გრიგოლიამ.

მან დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის პირობა, რომ თუ მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, შიმშილს შეწყვეტს.

სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. ჯგუფი 8 ექიმით არის დაკომპლექტებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]