weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადამ შესაძლოა 2030 წლამდე გადაიწიოს

18:59 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021 hits 145
UNICEF-ის ფოტო UNICEF-ის ფოტო

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პერიოდის 2030 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ავტორიზაციას მუნიციპალიტეტების ნაცვლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განახორციელებს.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, ავტორიზაციის პროცესი 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, მანამდე კი ბოლო ვადად 2020 წლის 31 დეკემბერი იყო განსაზღვრული.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროცესის შეფერხების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი COVID 19-ით გამოწვეული პანდემია აღმოჩნდა, „რამაც არსებითად შეცვალა დღის წესრიგი მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც“.

„მუნიციპალიტეტებისათვის წარმოდგენილი უფლებამოსილების განხორციელება დიდ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა წარმოდგენილი ვალდებულების გადავადების საკითხი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიღების შედეგად 2030 წლის 1 იანვრამდე გარდამავალ პერიოდი გამოცხადდება: 2022 წელს საბავშვო ბაღებისთვის საინფორმაციო სისტემის ბაზის შეიქმნება, სადაც დარეგისტრირდებიან ბაღები, ასევე მოხდება ავტორიზაციის სტანდარტების შემუშავება. 2023 წელს შეიქმნება ელექტრონული თვითშეფასების პლატფორმა და ყველა სკოლამდელი დაწესებულება თვითშეფასების პროცესს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით გაივლის, რისთვისაც ბიუჯეტიდან გასაწევი სავარაუდო ხარჯი 850 000 ლარი იქნება. კანონპროექტის მიხედვით, 2024 წელს განხორციელდება თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროების ანალიზი და ბაღების მხარდაჭერა მათი საჭიროებების მიხედვით. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია 2025-2030 წლებში განხორციელდება. კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ წლის განმავლობაში ავტორიზაციას 200 ბაღი გაივლის.

„ავტორიზაციის პროცესი შეეხება როგორც საქართველოში არსებულ 1647 საჯარო ბაღს, რომელიც 158 062 ბავშვს უწევს მომსახურებას, ასევე იმ კერძო ბაგა-ბაღებს, რომელთაც ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსი არ გააჩნიათ და დარჩენილი არიან საგანმანათლებლო რეგულირების მიღმა.

მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა დაეხმარება კერძო დაწესებულებებს ერთიანი სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფაში, რომელიც აღსაზრდელთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაზეა ორიენტირებული. ამასთანავე,აღნიშნული რეფორმამათ მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერითაც“, – აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]