weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ბერლინში, ღვინის გამოფენის მონაწილეთა ღვინოები ვერ ჩაიტანა

12:28 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 28 ნოემბერს ნატურალური, ორგანული და ბიო ღვინოების გამოფენა - RAW WINE 2021 გაიმართა, რომელშიც საქართველოდან 11-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც საქართველოდან გამოფენის ორგანიზებაში იყო ჩართული, ღვინოების დროული ტრანსპორტირება ვერ უზრუნველყო, რის გამოც მეღვინეები საკუთარი ჩანთით ჩატანილი რამდენიმე ბოთლი ღვინის იმედად დარჩნენ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ტვირთი გერმანიის საბაჟოზე მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეფერხდა. 

გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე, „მათიაშვილის მარნის“ მფლობელი ივა მათიაშვილი ამბობს, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ბერლინში გასაგზავნად ღვინოები გამოფენამდე 3-4 კვირით ადრე მიიტანეს.

27 ნოემბერს გავიგეთ, რომ ღვინო გერმანიაში საბაჟოზე არის გაჩერებული და ყველა მეღვინე წარვდექით მხოლოდ საკუთარი ბარგით ჩატანილი ღვინით, ზოგ მეღვინეს ქონდა 6, ზოგს მხოლოდ 3 ბოთლი წამოღებული.

ამ რამდენიმე ბოთლით ასობით სტუმრისთვის ღვინის დეგუსტაცია ძალიან რთული იყო და ბევრს დაწყებიდან რამდენიმე საათში გაუთავდა.

ვინ არის პასუხისმგებელი ფაქტზე, რომ 3 კვირის განმავლობაში ღვინო ვერ ჩაიტანეს გერმანიაში? ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მხოლოდ წინა დღეს გავიგეთ, რომ ფესტივალისთვის განკუთვნილი ღვინო ვერ ჩამოიტანეს და ვერ მოვასწარით ღვინის სხვა გზებით წამოღება? რატომ არ ესწრებოდა ღვინის გამოფენას საქართველოს საელჩოდან არცერთი წარმომადგენელი? თუნდაც იმისთვის, რომ აეხსნათ, რის გამო ვერ მოხდა ღვინის მოწოდება და მოეხადათ ბოდიში, რომ ასეთ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით“, – წერს ივა მათიაშვილი სოციალურ ქსელში.

„ანდრიას ღვინის“ მწარმოებელი გიორგი ვოლსკი გამოფენაზე 3 ბოთლით წარსდგა, მაშინ, როდესაც, ცხრა სახეობის ღვინო აქვს.

„ეს სამი ბოთლი, სამი სახეობა, რაც მქონდა, საჩუქრად მქონდა წამოღებული, რომ ჩემი ექსპორტიორისთვის მიმეცა გასასინჯად. რა თქმა უნდა, ვეღარ მივეცი და ისე ავუხსენი, სიტყვიერად, რომ კარგებია და დამიჯერე თქო. იმ დანარჩენზეც, რომელიც ახლაც საბაჟოზეა, ასე ზეპირსიტყვიერად თუ დამიჯერებენ, რომ კარგებია, არ ვიცი.

პრობლემა ის იყო, რომ სამი კვირით ადრე მიტანილი ღვინოები რამდენიმე დღით ადრე გამოაგზავნეს და გერმანიაში საბაჟოზე მოხვდა პარასკევ საღამოს, როდესაც უკვე აღარ მუშაობდა საბაჟო. გერმანიას აბრალებენ, მაგრამ გერმანიის ბრალი ნამდვილად არ არის. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სააგენტოს წარმომადგენელი წინა დღეს ამბობდა, მოვაგვარეთ პრობლემა და ღვინოები იქნებაო.

ასე მაინც რომ არ ეთქვათ და არ მოეტყუებინათ, კიდევ რამეს ვიზამდი და ვინმეს ვიპოვიდი, რომ ჩამოეტანა ღვინო და მექნებოდა მეც. არც არავის შეუწუხებია თავი, რომ ბოდიში მაინც მოეხადა ამ ტყუილისთვის, რომელმაც დიდ ხარჯებში და პრობლემებში გაგვხვია. ეს სამი ბოთლიც შემთხვევით რომ არ წამომეღო, ვიქნებოდი ცარიელი ჭიქებით ხელში“, – წერს გიორგი ვოლსკი ივა მათიაშვილის პოსტის ქვეშ.

ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოდან შემდეგი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ: „ანაპეა“,„ანბანი“, „ანდრიას ღვინო“, „ბაიას ღვინო“, „ეთნო“, „გოცა ღვინოები“, ლევანის მარანი“, მატიაშვილის მარანი“, ნათენაძის ღვინის მარანი“, მეღვინეობა ნიკა“, თედოს მარანი“, ვაჟა გეთიაშვილის მარანი“. იქვე იყო ღვინოები იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან. 

 

ამ თემაზე:

მეღვინეებს მყისიერად ეცნობათ შეფერხებულ საბაჟო პროცედურებზე – ღვინის ეროვნული სააგენტო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]