weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჟურნალისტები მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვენ

11:21 ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021

ჟურნალისტები თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლას ითხოვენ, სადაც დღეს ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს მიმართა, პროცესზე მედიის წარმომადგენლები დაუშვას, რათა საკუთარი თვალით ნახონ ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ, ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება“.

„25-ე წელია აქტიურ ჟურნალისტურ ცხოვრებას ვეწევი და მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რაც კი მომხდარა, ყველა გაშუქებული მაქვს. როცა გავიგე, რომ იყო შანსი საუკუნის პროცესს დავსწრებოდი, მართლა საუკუნის პროცესია - საქართველოს პრეზიდენტი გისოსებს მიღმა, მგონია, რომ ამ შანსის არ გამოყენება და მედიისთვის დაბლოკვა დანაშაული იქნება. მაქვს მოლოდინი, რომ შევალ“, – განაცხადა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

„ჟურნალისტებს გვინდა შევიდეთ და ამ ისტორიულ პროცესს დავესწროთ, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ პრეზიდენტს ასამართლებენ.

მე სასამართლო პროცესებზე ვყოფილვარ შევარდნაძის დროს, ღია იყო, მედიას არავითარი შეზღუდვა არ ჰქონდა დაწესებული და რამდენი კამერაც იყო საჭირო, იმდენი შედიოდა. ახლა ვხედავთ, რომ ეზოში შესვლაც კი შეუძლებელია. 

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ არა მხოლოდ ბრალდებას, არამედ მიხეილ სააკაშვილს, როგორ ახსნის ამ ყველაფერს, რაზე გააკეთებს მთავარ აქცენტს, მაგრამ პირველ რიგში გვაინტერესებს, რამდენად გვექნება ჟურნალისტებს შევიდეთ და ადგილზე ვნახოთ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, რუსულ მედიაზე რომ არაფერი ვთქვათ“, – განაცხადა „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ. 

წინა სასამარლო პროცესს, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ეხებოდა, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ესწრებოდა. მათი სიგნალით ტელეკომპანიები პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. 

რაც შეეხება დღეს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს, იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება. 

„გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.

2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.

აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორიელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა“, – აცხადებს პროკურატურა.

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ითვალისწინებს.

ექსპრეზიდენტი უკვე დამნაშავედ ცნობილია ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]