weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი განგაშის საფუძველი უნდა გახდეს - მინისტრი

11:11 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

„აზიური ფაროსანას მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი, საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს, რომ მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდების შემუშავების მიზნით, განხორციელდეს მწერის შესწავლა და კვლევა. დღეს თუ საქართველოს აქვს პრობლემა, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში“,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მცენარეთა დაცვისა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალურმა დირექტორმა მარტინ ვორდმა.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში ახლად გავრცელებული მავნებელი მწერის აზიური ფაროსანას საკითხზე გამახვილდა. მარტინ ვორდის განცხადებით, ისევე როგორც საქართველოსთვის, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციისთვისაც აზიური ფაროსანა ახალი გამოწვევაა.

ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ჩართულობით აზიური ფაროსანას კვლევა დაიწყება, რაც ექსპერტებს და მეცნიერებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარება. მუშაობა ასევე დაიწყება ევროკავშირში ახალი ბიოლოგიური აგენტის (მწერის) პოპულაციის კონტროლისთვის, რაც ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობას შეუწყობს ხელს.

აზიური ფაროსანა - ყავისფერი, მარმარა სუნიანი ბაღლინჯო (halyomorpha halys) საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.

აზიური ფაროსანა 2001 წელს დაფიქსირდა აშშ-ში და 2010 წელს სოფლის მეურნეობას 21 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა.2008 წელს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემა შვეიცარიაშიც მწვავედ იდგა.

აზიური ფაროსანა საქართველოში განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და მოსავალს მასობრივად ანადგურებს.

„აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს. სახელმწიფოს აქვს მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა თხილის ფართობები და თანმიმდევრულად ჩატარდება სხვა კულტურებშიც. ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება რათა მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შევამციროთ“- აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ზუგდიდის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, მარტვილის, სენაკის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მავნებლის გავრცელების კერებში მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აგრეთვე ჩართულია მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია. ფართობებში ყოველ 50 მეტრში დამონტაჟებულია მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]