weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პარლამენტმა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტები დაამტკიცა

18:18 ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021

საქართველოს პარლამენტმა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. მთავრობა, რომელიც რეგულაციების გამკაცრების ინიციატორია, ელის, რომ აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.

ცვლილებების შედეგად, აზარტულ თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარი იზრდება. კერძოდ, 2022 წლის მარტიდან აიკრძალება 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და მასში, (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა. თამაშის ორგანიზატორი ვალდებული იქნება, ადგილზე შესულ პირს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეუმოწმოს.

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ასევე აეკრძალებათ: საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირებს, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრს და დამოკიდებულ პირთა სიაში შესულ პირს.

შეიქმნება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით. სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოიღება მოხდება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა.

დღესვე პარლამენტმა „რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება და აბრის განთავსება იზღუდება.

ცვლილებები შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონშიც და 2022 წლის პირველი მარტიდან აკრძალული იქნება აზარტული თამაშის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის განთავსება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს. ამ შეთხვევაში ნებართულია მხოლოდ აზარტული თამაშის ან მისი მოწყობის ორგანიზატორის დასახელების გამოცხადება არაუმეტეს 10 წამის ხანგრძლივობით ერთ საათში, ნებისმიერი სახის ვიზუალური რეკლამის გავრცელების გარეშე.

ცვლილებები განხორციელდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონშიც. ქართული საგადასახადო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშის მიზნით ონლაინგადახდები იკრძალება.

მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ სათამაშო ბიზნესის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. 

სათამაშო ბიზნესი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების მიღების წინააღმდეგი იყო, აცხადებს, რომ სპორტს ვეღარ დააფინანსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]