weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სამშობიაროდან ვწერდი კანონპროექტს, თქვენ თურმე სამსახურს აუქმებდით – თოლორაია 

17:47 სამშაბათი, 28 დეკემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დაესწრო იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს. 

თოლორაიას თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით რეალური რეფორმა არ გატარდება. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს პარლამენტიდან არავინ დაკავშირებია და სამსახურის თანამშრომლებმა ინიციატივის შესახებ მედიიდან შეიტყვეს. გარდა ამისა, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ ის დეკრეტულ შვებულებაშია ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტი წარადგინეს და დაჩქარებულად განიხილავენ.

„გავიგეთ, რომ ამ კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ – ამის ღირსად არ ჩავითვალეთ. რატომ არ გამოგვეგზავნა თუნდაც უკვე დაინიცირებული კანონპროექტი იმისთვის, რომ დღეს გვქონოდა მეტი ინფორმაცია? 

15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და არ მახსენდება პრეცედენტი გატარებულიყოს რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელსაც ეს რეფორმა ეხებოდა. 

ამიტომ მაინტერესებს, რატომ არ იყო ჩართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამხელა რეფორმაში და რატომ ვიგებ ამ ყველაფერს წინასაახალწლოდ? რატომ ვსხედვართ დღეს აქ და განვიხილავთ 288-გვერდიან კანონპროექტს, რომელიც არის სრული ნონსენსი, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანურ ფაქტორებზე – აქ ძალიან ბევრჯერ დასახელდა პატივისცემა უწყების მიმართ, ადამიანობა. ეს პროცესი კანონიერებას და უწყებების მიმართ ამ დამოკიდებულებას მთლიანად მოწყვეტილია“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, დეკემბრის დასაწყისიდან ცდილობდა პარლამენტთან კოორდინაციას, რათა დეპუტატებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება წარედგინა. 

„მე არ მინდოდა, რომ პარლამენტს ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შესახებ კანცელარიიდან და შემოსული წინადადებიდან გაეგო. 8 თუ 9 დეკემბერს მოვიწერე მეილი: არ მინდა მოვიტანო ეს წინადადება ისე, რომ პარლამენტი საქმის კურსში არ იყოს და გთხოვთ შემხვდეთ. პარლამენტისგან ვიღებ პასუხს – დატვირთულები ვართ, დღეს შევხვდეთ, ხვალ შევხვდეთ, ზეგ შევხვდეთ. ვიფიქრე, რომ ეს იყო აბსოლუტურად გასაგები, წლის ბოლოა, დატვირთული რეჟიმია და ა.შ.

და თურმე, ამის პარალელურად იწერება კანონპროექტი, რომელიც არათუ ამ უწყების გაძლიერებაზეა, არამედ მას მთლიანად აუქმებს. ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე ან მე ამ სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ.

მე, თურმე წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო წინადადებას, კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე, ელემენტარულია, მინიმუმ, ალბათ იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა – ლონდა აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერს. სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი მინიმუმ და ალბათ, უნდა გეთქვათ, რომ ლონდა აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ.

მე არ ვიცი, რა აზრი აქვს ამ კომიტეტებში ჩემი მონაწილეობის გაგრძელებას, ფორმალურად შესაძლოა, აქ ვისხდეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა, რადგან არავითარი ძალა ამას არ გაცვლევინებთ. თქვენის ნებართვით, მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამაში მონაწილეობას, ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის, ინსპექტორს რომ არ მიეცა სრულყოფილად ამ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ამ კანონპროექტის ავტორ ყველა მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის“, – მიმართა ლონდა თოლორაიამ „ქართული ოცნების“ წევრებს. 

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის – შექმნას ითვალისწინებს. 

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი არიან.

კანონპროექტის ბიუროს გუშინ, 28 დეკემბერს წარედგინა. დღეს კი მას მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტებმა, მიუხედავად იმისა, რომ განხილვის შეჩერების მოწოდებით ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოში აშშ-ის ელჩი გამოვიდნენ. 

პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ლონდა თოლორაიას, რომელიც თანამდებობაზე პარლამენტმა 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. გარდა ამისა, გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურიდან გათავისუფლდება. 

კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ინსტიტუციურ გაძლიერებას და ევროკავშირის პრაქტიკასთან დაახლოებას ემსახურება. დღევანდელ განხილვაზე, კანონპროექტის ავტორებმა თავი აარიდეს პასუხის გაცემას მრავალჯერ დასმულ შეკითხვაზე – რატომ არ ჰქონდათ კომუნიკაცია სახელმწიფო ინსპექტორთან კანონპროექტის შემუშავების ეტაპზე. 

 

ამ თემაზე:

აშშ-ის ელჩი პარლამენტს მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტი შეაჩეროს 

როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა მიუღებელია – ზურაბიშვილი

OHCHR სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

„პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს“ – კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე 

უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა, ეს ჩვენი დასჯაა – თოლორაია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]