weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სასამართლომ ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს 7-7 წელი მიუსაჯა, თუმცა მათ არ დააპატიმრებენ 

11:37 ოთხშაბათი, 12 იანვარი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამწლიანი დავის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარდგენილი ბრალი (ფულის გათეთრება) გადაკვალიფიცირდა 180-ე მუხლზე, რაც თაღლითობას გულისხმობს.

„მამუკა ხაზარაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მამუკა ხაზარაძე, სისხლის სამართლებრივი დევნის ხადაზმულობის გამო, გათავისუფლდეს დანიშნული საჯელისაგან“, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის გადაწყვეტილიბით, ფულის გათეთრებიდან თაღლითობად გადაკვალიფიცირდა ბადრი ჯაფარიძისთვის წარდგენილი ბრალი, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა ხანდაზმულობის გამო, შეფარდებული სასჯელისგან ისიც გათავისუფლდა.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, რომელსაც პროკურატურა ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობას ედავებოდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობაში თანამონაწილეობისთვის და მასაც 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გათავისუფლდა. 

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით დაიწყო. საქმე ეხებოდა 2008 წელს განხორციებულ საბანკო ოპერაციებს. 

პროკურატურა აცხადებდა, 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთელის (ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამა) კომპანიებზე - „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, იმავე დღეს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკმა“ კომპანიებს სესხი ჩამოაწერა და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.

ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ჰოლდინგი“ ანაკლიის პორტის მშენებლობაში იყო ჩართული და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მთავარი პარტნიორი იყო. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, ხელისუფლების მიერ ანაკლიის პორტის პროექტის, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]