weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თაღლითობაში დამნაშავედ ცნობილი ხაზარაძე და ჯაფარიძე განაჩენს გაასაჩივრებენ

12:07 ოთხშაბათი, 12 იანვარი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თაღლითობაში დამნაშავედ ცნობილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. სასამართლომ მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნის ხადაზმულობის გამო, სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

„მოსამართლემ შეცვალა ფულის გათეთრების მუხლი და გადააკვალიფიცირა იმ მუხლზე, რომელზეც ხანდაზმულობა ვრცელდება – მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ, რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

ჩვენ ამ გადაწყვეილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით - არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არ არსებობს დანაშაულის ნიშანწყალი. ეს იყო ბრძოლა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც“, – განაცხადა ჯაფარიძემ, რომელმაც განაჩენი პარტია „ლელოს“ ოფისში, მამუკა ხაზარაძესთან და თანაპარტიელებთან ერთად მოისმინა. 

ხაზარაძე და ჯაფარიძე გამამართლებელ განაჩენს ელოდნენ.

„ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოსამართლის პირით მოვისმინეთ. ვითომ ფულის გათეთრების მუხლით გვედავებოდნენ და უცბად, ეს მუხლი გაქრა და თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია. ამაზე გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი! ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟი უნდა მოვახდილოთ მთელმა საზოგადოებამ. ასეთი სასამართლოს პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. 

ეს არის ერთი კაცის მიერ მართული მართლმსაჯულება. ბიძინა ივანიშნილს მივმართავ, რომ ეს მმართველობა დამთავრდება, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას. სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა“, – აღნიშნა ხაზარაძემ. 

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა, ასევე თქვა, რომ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს. 

„ჯერ ფულს ვათეთრებდი, ახლა თაღლითი გავმხდარვარ. მგონი თვითონ არ იციან, რისთვის მომისაჯეს 7 წელი“, – აღნიშნა წერეთელმა ჟურნალისტებთან. 

სამწლიანი პროცესის შემდეგ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარდგენილი ბრალი (ფულის გათეთრება) გადაკვალიფიცირდა 180-ე მუხლზე, რაც თაღლითობას გულისხმობს, ხოლო ავთანდილ წერეთელს, რომელსაც პროკურატურა ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობას ედავებოდა, თაღლითობაში თანამონაწილეობისთვის ცნეს დამნაშავედ. სამივეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. 

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით დაიწყო. საქმე ეხებოდა, 13 წლის წინ, 2008 წელს განხორციებულ საბანკო ოპერაციებს. 

პროკურატურა აცხადებდა, 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთელის (ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამა) კომპანიებზე - „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, იმავე დღეს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკმა“ კომპანიებს სესხი ჩამოაწერა და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.

ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ჰოლდინგი“ ანაკლიის პორტის მშენებლობაში იყო ჩართული და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მთავარი პარტნიორი იყო. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, ხელისუფლების მიერ ანაკლიის პორტის პროექტის, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]