weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

კოვიდ-პაციენტმა ექთანი ბასრი საგნით ყელსა და სახეში დაჭრა – ასოციაცია

14:06 პარასკევი, 21 იანვარი 2022

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის ინფორმაციით, ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდ-კლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ყელისა და სახის არეში დაჭრა. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. 

„როდესაც დილის 5 საათზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექთანი შემოვლას აკეთებდა, შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა. დაინტერესდა პაციენტით, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა მისთვის სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია განესაზღვრა. შესაბამისად, დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა ექთანი დაიჭირა კისრით და ყელის მიმართულებით, ბასრი იარაღით რამდენჯერმე დაარტყა“, – განაცხადა სალომე ლოლუამ.

მისივე თქმით, პაციენტმა ექთანს ორი ჭრილობა მიაყენა.

„ერთი – ლოყის არეში, რასაც 7 ნაკერი დასჭირდა და რამაც დააზიანა სანერწვე ჯირკვალი. ამას საკმაოდ რთული რეაბილიტაცია დასჭირდა. მეორე ჭრილობა მიაყენა ყელის არეში. ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია, ხოლო დამნაშავე გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში. როგორ დასრულდება საქმის გამოძიება, მოგვიანებით იქნება ცნობილი. ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ არავითარი პირადი გადაკვეთა ამ ორ პიროვნებას ერთმანეთთან არ ჰქონია. ეს პაციენტი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ამ მორიგე ექთანს რამდენიმე მორიგეობაც კი მოუწია და ზრუნავდა მასზე“, – განაცხადა სალომე ლოლუამ.

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, მედპერსონალი კლინიკებში, განსაკუთრებით, რეგიონებში, თავს დაცულად არ გრძნობს.

„კლინიკების უმეტესობა არის კერძო. შესაბამისად, კერძო ბიზნესმენს არ სურს, მისი ბიზნესის ირგვლივ ზედმეტი ხმაური გამოიწვიოს. ამიტომ მედპერსონალს მოუწოდებს, თმენის ვალდებულებისკენ მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს დანაშაულთან – სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან“, – აღნიშნა სალომე ლოლუამ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]