weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

მეტროში შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს

10:27 სამშაბათი, 25 იანვარი 2022

თბილისში, მეტროსადგურ „ისანში“ 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭის ცემის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გააკეთა. 

„24 იანვარს, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით დადგენილია შემდეგი:

„2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ „ისანში“.  მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში.

მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას.

ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აქტიურად ითანამშრომლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან.

„მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, გთხოვთ, საკითხის გაშუქებას და ამ ფაქტზე აზრის გამოთქმას, მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]