weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

17:58 სამშაბათი, 25 იანვარი 2022

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ინსპექტორის თანამდებობა მიმდინარე წლის მარტიდან უქმდება. სახალხო დამცველი სადავო ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერებასაც ითხოვს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს. 

„2018 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2019 წელს ინსპექტორი საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი. 2021 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო კანონის პროექტის განხილვა და ზუსტად ოთხ დღეში მიიღო სამი მოსმენით, რის შედეგადაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. 

სახელმწიფო ინსპექტორი თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის განსაკუთრებული გარანტიებით სარგებლობის, ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება იყოს გამართლებული, რასაც ადგილი არ ჰქონია ამ შემთხვევაში.

კანონპროექტის განხილვის ეტაპზე საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულის თაობაზე განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტს არ მიეღო არაკონსტიტუციური ცვლილებები“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, გასაჩივრებულია ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც აუქმებს სამსახურს, ათავისუფლებს სახელმწიფო ინსპექტორს/მის მოადგილეებს და რომლებიც ინსპექტორის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელყოფენ. 

„საქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე - შეჩერდეს სადავო ნორმატიული აქტების მოქმედება 2022 წლის 1 მარტამდე, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტური კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება. 

საკითხის მნიშვნელობიდან და განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, წარმოადგინონ სასამართლო მეგობრის მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე და მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული დავის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ ორი ახალი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – შეიქმნება. აღნიშნული სამსახურების უფროსების შესარჩევად კონკურსი 17 იანვარს გამოცხადდა, 24 იანვარს კი საკონკურსო კომისიაც შეიქმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]