weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

NATO: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან

10:55 ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO/ნატო) გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუშინ ნატომ რუსეთის ფედერაციას საკუთარი წინადადებები წერილობით გადასცა. სტოლტენბერგის თქმით, სამი ძირითადი საკითხიდან ერთ-ერთი ევროპის, მათ შორის უკრაინაში და მის გარშემო, უსაფრთხოებას ეხება.

„ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ რუსეთის წუხილები და ჩავერთოთ რეალურ საუბარში, თუ როგორ დავიცვათ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ, ჰელსინკის აქტით დაწყებული. ეს მოიცავს თითოეული ერის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს იძულებისგან, აგრესიული რიტორიკისგან და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული საზიანო ქმედებებისგან.

რუსეთმა ასევე უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე. 

ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის „ნორმანდიის ფორმატში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი რისკების შემცირებას, გამჭვირვალობასა და იარაღის კონტროლს ეხება. სტოლტენბერგის განცხადებით, ისტორია აჩვენებს, რომ ამ საკითხებში თანამშრომლობას შეუძლია მოიტანოს რეალური უსაფრთხოება ყველასთვის. ნატო მიიჩნევს, რომ საჭიროა პრაქტიკული ზომები, რაც რეალურ ცვლილებას გამოიწვევს. 

„პირველი ნაბიჯის სახით, ვთავაზობთ ერთობლივი ბრიფინგების გამართვას, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, წვრთნებისა და ბირთვული პოლიტიკის შესახებ. ჩვენ ასევე უნდა განვაახლოთ ვენის დოკუმენტი სამხედრო სფეროში გამჭვირვალობის შესახებ, ვიმუშავოთ, რათა შევამციროთ საფრთხეები კოსმოსსა და კიბერ სფეროში. ჩვენ უნდა გვქონდეს კონსულტაციები ზღვასა და ჰაერში რისკების პრევენციისთვის და დავადასტუროთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით. ბოლოს, ჩენ გვჭირდება სერიოზული საუბარი იარაღის კონტროლზე, მათ შორის, ბირთვულ იარაღზე და საშუალო და მოკლე რადიუსის სახმელეთო რაკეტებზე. ეს სფეროები წარმოადგენს მნიშვნელოვანი დიალოგის დღის წესრიგს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მოკავშირეები და რუსეთი შეხვედრებზე უკვე მიიწვია, მოკავშირეები კი მზად არიან რაც შეიძლება სწრაფად გამართონ შეხვედრა. 

„ყველა ჩვენს ძალისხმევაში, ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან, ისევე როგორც ნატოს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან. ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენ არ ვეძებთ დაპირისპირებას, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას იმ პრინციპებზე, რომლებზეც დგას ჩვენი ალიანსის უსაფრთხოება და უსაფრთხოება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსგან „ უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვს. კერძოდ, სურს, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე, არ მიიღოს ახალ წევრები და ნატოს მადრიდის სამიტზე, რომელიც ივნისის ბოლოს უნდა გაიმართოს, უკან წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. გარდა ამისა, რუსეთის მოთხოვნაა, რომ ნატომ შეიარაღება არ განათავსოს რუსეთის საზღვრებთან და უარი თქვას, ალიანსში გაწევრიანებული იმ ქვეყნების მატერიალურ-ტექნიკურ განვითარებაზე, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. მოლაპარაკებების პროცესში გადაწყდა, რომ აშშ და ნატო თავიანთ პასუხებს რუსეთს წერილობითი ფორმით წარუდგენდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]