weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

არცევთან რუსმა სამხედროებმა 2008 წლის ომის მონაწილე, ლევან მაჩაბელი დააკავეს

23:42 ხუთშაბათი, 31 მარტი 2022

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული სოფლის ზემო არცევის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე, 35 წლის ლევან მაჩაბელი უკანონოდ დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

სუს-ი იუწყება, რომ უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“ და მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

31 მარტს, საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმაც გაავრცელა. მათი განცხადებით, 26 მარტს, არცევის თემში, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ლევან მაჩაბელი დააკავეს.

„დადგინდა, რომ ლევან მაჩაბელი 2005 წლიდან 2009 წლამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, საქართველოს მოქალაქეს ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსი სამხედროების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა სურდა.

„უკრაინის დემილიტარიზაციის მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ლევან მაჩაბელი ცდილობდა შეერთებოდა „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“ და როგორც მოხალისე, მონაწილეობა მიეღო საომარ მოქმედებებში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დონბასში. როდესაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო უარი ეთქვა ამაზე, მაჩაბელმა გადაწყვიტა უკანონოდ შესულიყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და პროვოკაცია მოეწყო რესპუბლიკაში განთავსებულ რუსული სამხედრო კონტიგენტის წინააღმდეგ“, – აცხადებს დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი.

ბრალდების თანახმად, დაკავებულს წინასწარ მომზადებული ჰქონდა ვიდეომასალა, სადაც ის საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას, ასევე, ქართველ სამხედროებს მიმართავდა და ამბობდა, რომ საქართველოდან „დაარტყა რუსებს“.

„პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქართული რადიკალური, პროდასავლური და ექსტრემისტული ძალების ნებისმიერი მცდელობა გამოიყენოს რაიმე ძალა რუს და სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, განიხილება როგორც საერთაშორისო დივერსიულ-ტერორისტული ქმედება და მისი შემსრულებლებისთვის შედეგები მოჰყვება“, – განაცხადეს დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ლევან მაჩაბელის საუბრის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელეს, სადაც მაჩაბელი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]