weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში დიალიზის ცენტრები გაიხსნება

15:19 შაბათი, 02 აპრილი 2022
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი

თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი გახდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ რაიონულ ცენტრებში უკვე არსებული სამედიცინო დაწესებულებები დიალიზის თერაპიისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და პაციენტებს პროფესიონალი მედპერსონალი მოემსახურება.

„ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვისაც აღნიშნული მომსახურება სჭირდება, მუნიციპალიტეტის სხვა ქალაქებში ჩასვლა აღარ მოუწევთ და სიცოცხლისათვის აუცილებელ სერვისს ადგილზე მიიღებენ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, ქალაქების იდენტიფიცირება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. თიანეთის, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, დიალიზის ცენტრები საქართველოს კიდევ 4 ქალაქში ეტაპობრივად გაიხსნება.

ორი თვის წინ საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და სახალხო დამცველს წარედგინა პეტიცია, რომლითაც 10 ათასზე მეტი ადამიანი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში დიალიზის ცენტრის გახსნას ითხოვდა. პეტიციის ინიციატორი გამოცემა „მთის ამბები“ იყო, რომელმაც ჯერ ზემო სვანეთში, შემდეგ კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მცხოვრებ იმ ადამიანებზე მოამზადა რეპორტაჟები, რომლებიც დიალიზის აპარატის არარსებობის გამო მომთაბარეებად ან ლტოლვილებად იქცნენ.

საქართველოში დიალიზის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან მოქმედებს, თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისი მაღალმთიან რეგიონებში არ არსებობს. „მთის ამბები“ წერდა, რომ, მაგალითად, სვანეთიდან, უახლოესი კლინიკა, სადაც დიალიზის გაკეთებაა შესაძლებელი, ზუგდიდშია. მესტიიდან ზუგდიდამდე 140 კილომეტრია. ერთი მიმართულებით მგზავრობას 2.5 - 3 საათი სჭირდება. ზამთარში, დიდთოვლობისას ან როცა გზა მოყინულია, უფრო მეტი. ზემო სვანეთში მუნიციპალური ტრანსპორტიც არ არის. ტაქსით მესტიიდან ზუგდიდამდე ერთი გზა 150 ლარი ღირს. ოჯახი დიდი შემოსავლით თუ არ არის უზრუნველყოფილი, ამ ხარჯებს ვერ გაწვდება, რადგან კვირაში, ძირითადად, დიალიზის სამი სეანსია აუცილებელი. კიდევ უფრო მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც მესტიის ზემოთ მდებარე სოფლებში ცხოვრობენ და დიალიზი სჭირდებათ.

 

ნახეთ „მთის ამბების“ რეპორტაჟები:

აყრა ან სიკვდილი

როგორ იქცნენ პაციენტები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიდან ლტოლვილებად და მომთაბარეებად

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]