weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უკრაინის გენპროკურორის თქმით, კიევთან სულ მცირე 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

22:55 კვირა, 03 აპრილი 2022

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კიევის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ რუსებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებიდან 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გამოიტანეს. მათ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

„1-3 აპრილის განმავლობაში, პროკურორებმა და სხვა სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს 140 ცხედარი“, – განაცხადა ვენედიქტოვამ.

გენპროკურორის თქმით, კიევის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებებია რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის დასადასტურებლად: „ეს ჯოჯოხეთია, რომლის დოკუმენტირებაა საჭირო, რათა ბოროტმოქმედები დაისაჯონ“.

უკრაინული არმიის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებს შორისაა ქალაქი ბუჩაც. მას შემდეგ, რაც იქ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ჟურნალისტები შევიდნენ, ცნობილი გახდა, რომ ქალაქში უამრავი შეუიარაღებელი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანის ცხედარია.

BBC-ის ინფორმაციით, ზოგიერთ მოკლულს თეთრი ნაჭერი ეკეთა, ერთ-ერთს კი ასეთივე ნაჭრით ხელები უკან ჰქონდა შეკრული.

ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა Agence France-Presses-სთან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქზე კონტროლი უკრაინის ჯარმა დაიბრუნა, უკვე 280 ადამიანი დაკრძალეს საერთო საფლავებში. მისივე თქმით, ქალაქის განადგურებული ქუჩები გვამებითაა სავსე.

„ყველა ეს ადამიანი დახვრიტეს, თავში აქვთ ნასროლი“, – ამბობს ბუჩის მერი.

მისივე თქმით, ქალაქში ისევ დგას ავტომობილები, სადაც „მოკლული ოჯახები არიან - ბავშვები, ქალები, ბებიები და მამაკაცები“.

ადგილობრივებმა სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ ხალხი ერთთვიანი ოკუპაციის დროს, რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მასობრივ მკვლელობასთან რუსი სამხედროების კავშირს უარყოფს. უწყება აცხადებს, რომ „კიევის რეჟიმის მიერ გამოქვეყნებული ყველა ფოტო და ვიდეომასალა მორიგი პროვოკაციაა“.

„ვიდრე ბუჩა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ იყო, არცერთი ადგილობრივი მცხოვრები არ დაზარალებულა რაიმე ძალადობრივი ქმედების შედეგად“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

უკრაინის ხელისუფლებამ 2 აპრილს განაცხადა, რომ კიევის ოლქი სრულად გათავისუფლებული იყო.

 

გაფრთხილება: ბუჩაში გადაღებული ფოტოები მძიმე სანახავია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]