weather cur horoscope tv
ივნისი 28, 2022

რუსთავიდან ისნის მეტრომდე ავტობუსები ივლიან, მგზავრობა 1.5 ლარი ეღირება – ლაცაბიძე

12:31 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022
ნინო ლაცაბიძე ნინო ლაცაბიძე

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ავტობუსები დაინიშნა. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ, კერძო კომპანია „ინტერტრანსმა“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფი გაზარდა.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, ავტობუსი ახალი რუსთავის გასასვლელიდან თბილისის მიმართულებით ყოველ 20 წუთში ერთხელ გავა, მგზავრობის საფასური კი 1.5 ლარი იქნება. 50-თეთრიანი შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ სტუდენტები.

რუსთავიდან პირველი რეისი დღეს, დილის 8 საათზე შესრულდა. როგორც ნინო ლაცაბიძე ამბობს, ბოლო ავტობუსი დედაქალაქიდან რუსთავისკენ 23:00-ზე გავა.

„ავტობუსები ივლიან რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტრომდე. დარწმუნებული ვარ აქაც იტყვიან, რომ არ არის მოსახერხებელი. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, განსაკუთრებით სტუდენტებს:

ეს არის მაქსიმუმი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია, რომ 20-წუთიანი ინტერვალით რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტრომდე მივიყვანოთ ადამიანები და იქიდან უკვე მეტროთი ან სხვა საქალაქო ტრანსპორტით ნებისმიერ ადგილზე მოხვდნენ. სტუდენტებისთვის შეღავათიანი, 50-თეთრიანი ტარიფი იქნება.

ვფიქრობ, სტუდენტებისთვის ეს მისაღები უნდა იყოს. ავტობუსებში არის გადახდის თანამედროვე სისტემა. ორი დღე დაგვჭირდება, რომ პროგრამა გადავაწყოთ და საბარათე სისტემით სარგებლობა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისი თქმით, ალტერნატიული ტრანსპორტის დანიშვნას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა.

„დღეს დილიდან შევძელით ახალი ავტობუსები დაგვენიშნა თბილი-რუსთავის მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება ფორსმაჟორში მივიღეთ, გუშინდელი გაძვირებული ტარიფიდან გამომდინარე. კომპანიის მხრიდან თვითნებურად მოხდა ფასის ზრდა. ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი პროცედურები. კომპანია დაჯარიმდა. გუშინ მქონდა მათთან შეხვედრა და გავაგრძელებთ შეხვედრებს, რომ გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდეთ. ჩვენი გვესმის, რომ მძღოლები, რომლებიც ამ კომპანიაში არიან დასაქმებულები, რუსთაველები არიან, მათ უკან ოჯახები დგანან და ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამოსავალს მოვძებნით“, – განაცხადა ლაცაბიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

13 აპრილს რუსთავიდან თბილისისკენ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური გაიზარდა. მგზავრების განცხადებით, მათ 1.8 ლარის ნაცვლად, 2.5-2.8 ლარი გადაიხადეს.

კომპანია „ინტერტრანსი“, რომელიც ამბობს, რომ ტარიფი საწვავის გაძვირებისა და მიკროავტობუსების ტექნიკური ხარჯის გამო გააძვირეს, მერიასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებისთვის 1100 ლარით დაჯარიმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]