weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თვითმკვლელობიდან 8 წლის შემდეგ, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 3 პირს ბრალი წარუდგინეს

16:45 ოთხშაბათი, 27 აპრილი 2022

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე, სამ პირს ბრალი 8 წლის შემდეგ წარუდგინეს. პროკურატურა მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამცირებელ მოპყრობას ედავება. აღნიშნული დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობით ისჯება. ბრალდებული პირებიდან ამ დროისთვის არცერთი არ არის დაკავებული.

„2014 წლის 16 სექტემბერს, ბრალდებულებმა, ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს  თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლის ცენტრში მიიყვანეს. სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ. ბრალდებულების და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად, 2014 წლის 18 სექტემბერს, ხანუმ ჯეირანოვამ თავი მოიკლა“, - აცხადებს პროკურატურა.

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინა.

პროკურატურის განცხადებით, უწყება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

თვითმკვლელობამდე ხანუმ ჯეირანოვას ნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი თვითმხილველების ნაამბობზე და მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერდა, რომ 16 სექტემბერს, მას თავს დაესხა ქმრის სამი ნათესავი, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რამ ქალმა გონება რამდენჯერმე დაკარგა. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ ძალადობის მსხვერპლმა თავი მოიკლა. 

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში არავინ დაუკავებიათ. გარდაცვლილის ქმარმა აჯი გასანოვმა მის ცოლზე ერთ-ერთი მოძალადე პირი ფეხში დაჭრა, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა. აჯი გასანოვი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და 2014 წლის დეკემბერში სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წლის 16 სექტემბერს ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

2015 წელს იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე გამოუძიებელი არ უნდა დარჩენილიყო. მისივე თქმით, მტკიცებულებების შეგროვება მას თავად ჰქონდა დაწყებული. წულუკიანის პირობის მიუხედავად, საქმე მაინც არ გამოიძიეს.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა საჩივრით გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტს მიმართა. კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ქალის დაცვა გენდერული და ღირსების სახელით ჩადენილი ძალადობისგან. ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მამის სახლში გამოიძახეს, სადაც მათ დახვდათ ატირებული ქალი, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამვლას აიძულებდნენ. არც ნათესავები დააკავეს და არც ქალი გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმ ღამით სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით დედას დაუბრუნა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ იგი გარდაცვლილი იპოვა. მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი მოამზადეს, თქვეს, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით იყო გაჟღენთილი და მოწმის ჩვენებით „სასიკვდილოდ ნაცემი“ იყო, თუმცა, პოლიციას არ ჩაუტარებია ადგილზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მას შემდეგ, რაც ოჯახმა აღნიშნულზე უარი განაცხადა. გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, მათი თქმით, საკუთარი „სამარცხვინო“ და „უკადრისი“ საქციელის გამო“.

გაეროს კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ვალდებულება გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლზე თავდასხმისა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები. კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. მან საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]