weather cur horoscope tv
აგვისტო 10, 2022

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

10:29 ორშაბათი, 16 მაისი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლემ ნიკა გვარამია გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე (ყალბი დოკუმენტის დამზადება), 221-ე (კომერციული მოსყიდვა) და 194-ე (ფულის გათეთრება) მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო 182-ე (მითვისება და გაფლანგვა) მუხლით წარდგენილი ბრალდება 220-ე მუხლით დაკვალიფიცირდა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

„ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდი - ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

სასჯელის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისის 10 საათი და 20 წუთიდან და ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში“.

საქმეზე ასევე ბრალდებულები იყვნენ შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი და „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე (ყალბი დოკუმენტის დამზადება) და 221-ე (კომერციული მოსყიდვა) მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ხოლო დამენიასთვის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება (მითვისება და გაფლანგვა) დაკვალიფიცირდა 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაშიც ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა.

პროკურატურა ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ გვარამიას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო ტელეკომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

გვარამია თავს დამნაშავედ არ ცნობდა და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მისი თქმით, არათუ დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ მისი დირექტორობის პერიოდში, „რუსთავი 2“ ყველაზე რეიტინგული და მაღალშემოსავლიანი ტელევიზია იყო.

საქმეზე დასკვნითი სხდომა 11 მაისს გაიმართა. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მიუღებელი იყო: „ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ციხეში გამიშვებთ, თუ გარეთ დამტოვებთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მკაფიო იყოს ჩემი სინდისი, უდანაშაულობა და სიმართლე. ნებისმიერ ჯარიმა მე მაკარგვინებს თავისუფლებას, მაკარგვინებს პროცესიას, რომელსაც ჰქვია ადვოკატობა, მაკარგინებს მომავალს, მაკარგინებს, მაგალითად სააკაშვილთან ვიზიტების უფლებას. ამიტომ, თუ სადღაც მაინც გაივლო ვინმემ ეს თავში, რომ ამით სიტუაცია დამშვიდდება, არ დამშვიდდება. თუ უდანაშაულო ნიკა გვარამიას გამართლებას არ აპირებთ, თქვენთვისვე უკეთესია ნიკა გვარამია იყოს შიგნით ვიდრე გარეთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]