weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

TI გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე: სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა

12:12 ორშაბათი, 16 მაისი 2022
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირქტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

„საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.

მედიის ცენზურისა და დაშინებისთვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც.

ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო  ოპონენტების წინააღმდეგ წლებია აწარმოებს.

აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ორი მოსაზრება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ნიკა გვარამიას დევნის პირველი ფაქტი. ნიკა გვარამია ხშირად საუბრობდა მისი მოსყიდვის, დაშინების მცდელობის, მის მიმართ განხორცილებული შანტაჟისა და ოჯახის წევრების თვალთვალის ფაქტზე.

ბოლო პერიოდში, კრიტიკული მედია საშუალების დამფუძნებლებისა თუ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმეებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისათვის პასუხისმგებლობის დღემდე არ დაკისრების, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების გახშირებითა და არაეფექტიანი გამოძიების წარმოებით ცხადი ხდება, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების საქმიანობა საშიში გახდა.

წლებია, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.

რთული წარმოსადგენია, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, ხელისუფლებას არ ჰქონდეს წარმოდგენილი ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მის ბოლო პერიოდის რიტორიკას, მედიაგარემოს გაუარესებისა და კრიტიკული მედიასაშუალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეიძლება მოყვეს.

შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ  ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]