weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თემურ ცათიაშვილი პანკისიდან: „მიზანი ევროპაში შესვლა კი არა, ევროპის გულში ჩახუტებაა“

22:40 კვირა, 03 ივლისი 2022

ორგანიზაცია „შერიგების ალამის“ დამფუძნებელი, პანკისის ხეობის მკვიდრი თემურ ცათიაშვილი თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“ სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ევროკავშირმა 12 რეკომენდაციის შესრულება, მათ შორის დეოლიგარქიზაცია, ქართულ ხელისუფლებას კი არა, ქართველ ხალხს დააკისრა.

ცათიაშვილის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

„მე ვარ პანკისის ხეობიდან, მე ვარ ამ ქვეყნის მკვიდრი. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მზად არის ყველა თქვენგანი გულში ჩაიხუტოს. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ჩაგვიხუტეთ ჩვენ გულში. თქვენ, ქართველებმა გვითხარით, რომ თქვენ ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენ ერთად ვართ! აი, ეს არის ევროპა! აი, ეს არის ევროპული ღირებულებები! საქართველოში არასდროს დაჩაგრულან ადამიანები სხვადასხვა ნიშნის გამო, თუმცა, ჩვენი მტერი დიდი ძალით ცდილობს გაანადგუროს და გააპარტახოს ქართული სიყვარული, ქართული ერთობა, კულტურა და ზნეობა. ის ყოველთვის ცდილობს შემოიტანოს სხვადასხვა აზრი, რომ თურმე სულ სხვანაირი ყოფილა ევროპა, თურმე ევროპა მოძალადე ყოფილა და თავისი ინტერესების გამტარებელი. არა, მეგობრებო! ევროპა არავის აძალებს რაიმეს, მხოლოდ ერთადერთს - არა სიძულვილს, არა ძალადობას. ეს არის უმთავრესი ბერკეტი ევროპული კულტურისა და ღირსებისა.

საქართველო ოდითგანვე უდიდესი ტრადიციის მატარებელი ქვეყანაა. დიახ! ვიტყოდი, რომ საქართველოა ერთ-ერთი ფუძემდებელი ევროპული ღირებულებებისა! ერთმა ბუმბერაზმა ღვთის კაცმა, შოთა რუსთაველმა თქვა ასეთი სიტყვები: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. ეს სიტყვები მეტყველებს იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ევროპა თვითონ ებრძოდა გენდერულ თანასწორობას, საქართველოში გენდერული თანასწორობა მაღალ ეტაპზე იყო. საქართველოში მუდმივად ფასდებოდა ქალი და მუდმივად მაღალ ეტაპზე იყო მატრიარქატი.

ამიტომ დღეს ჩვენი ერთადერთი მიზანი ევროპაში შესვლა კი არა, ევროპის გულში ჩახუტებაა, მეგობრებო! ევროპა ჩვენი ოჯახია! ევროპამ ჩვენგან ისწავლა ძალიან ბევრი რამ!

მეგობრებო, ბევრი ევროპული ღირებულება შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ერთზე მინდა ყურადღების გამახვილება - ყველა ადამიანი მზად არის, საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის პირადი წყენები და ამბიციები გვერდზე გადადოს და მხოლოდ სამშობლოს და ქვეყნის ინტერესები დაიცვას.

მინდა გავიხსენო ერთ-ერთი უძლიერესი ჩვენებური ტრადიცია, პანკისის ხეობიდან - სისხლის პატიება. დიახ, დამნაშავის დასჯა ეს არის, უპირველეს ყოვლისა ღირსება ადამიანისთვის და სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ მაშინ, როდესაც ადამიანის დასჯა იწვევს ქვეყნის ინტერესების გაწირვას, მაშინ, როცა ადამიანის დასჯას ეწირება რელიგიური, ადამიანური ურთიერთობები და ეწირება სიყვარული, ჩვენ გვერდზე ვწევთ დასჯას და ვამბობთ - ახლა პატიების დროა. პატიება სამშობლოსთვის! პატიება ერისთვის! პატიება ძმობისთვის! პატიება მეგობრობისთვის! ეს არის ევროპული ღირებულება, ეს არის ის ფასეულობა, რაზეც ევროპა აშენებს თავის საძირკველს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვიყავთ, ვართ და ვიქნებით ევროპული ღირებულებების მატარებლები.

არ შემიძლია, არ ვთქვა 12 პუნქტის შესახებ: ევროპულმა ძლიერმა, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა 12 საკითხი დააკისრეს საქართველოს. არა ქართულ ხელისუფლებას, არამედ მე, თქვენ, ჩვენ დაგვაკისრეს მათი აღსრულება. ქართველი აღასრულებს იმ დიდ ნებას, რასაც ჰქვია ერთობა, რასაც ჰქვია დეოლიგარქიზაცია.

დიახ! ჩვენ ვიდგებით მანამდე, ჩვენ არ შევდრკებთ, არ მოვდუნდებით, ვიდრე ივანიშვილი არ წავა თავისი ამალითურთ. ჩვენ ამას შევასრულებთ!

დაბოლოს, არ შემიძლია უდიდესი ადამიანის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვები არ გავიმეორო: დღეს საქართველოსთვის თაობათა ერთობა და ერთსულოვნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ღმერთი აერთიანებს და არიგებს, ეშმაკი ყოფს და აპირისპირებს. დიახ! ჩვენ ერთი ლოზუნგი გვაქვს დღეს, ლოზუნგი ერთობისთვის. ვინც ერთობისთვის არ იბრძვის, ის საქართველოს მტერია.

მადლობა ჩვენს უკრაინელ ძმებს, მეგობრებს! ამ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ მოგვეცა, ათი ათასობით უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცი შეეწირა. დიდება მათ სულებს! ისინი ნათელში არიან და იქიდან გვედგებიან გვერდით. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ქართველ ხალხს! დიდება უფალს!“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]