weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აჭარაში ჯილეხის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

17:37 შაბათი, 16 სექტემბერი 2017

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხის კიდევ ერთი, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. TV25-ის ინფორმაციით, მკვდარი პირუტყვი ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ საძოვარზე იპოვეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის ლაშა ავალიანის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ იმავე კერაში, სადაც ერთი შემთხვევა უკვე გამოვლინდა, სხვა ცხოველის დაინფიცირებაც მომხდარიყო.

„როგორც ახალსოფელში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულია ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ახალსოფელში 500–მდე ცხოველის ვაქცინაცია მოხდა. ასევე განხორციელდა კერის და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია. კერა შემოიღობა, გამაფრთხილებელი ნიშნები დავაყენეთ. მუდმივ ზედამხედველობას ვახორციელებთ ამთვისებელ ცხოველებზე. საფრთხე იმისა, რომ სხვა ცხოველებიც დაინფიცირდნენ, აღარ არსებობს. ჯილეხი არ არის განსაკუთრებით საშიში დაავადება, ფიზიკურად დიდ ტერიტორიაზე ვერ გავრცელდება. ადამიანები ავადდებიან ცხოველთან შეხებისას, როგორიც არის დაკვლა, ან დაავადებული ცხოველის ხორცის მოხმარება და ა.შ“, – განაცხადა ავალიანმა.

TV25–ის კითხვაზე, ვიდრე ტელეკომპანია გაავრცელებდა ინფორმაციას, რატომ არ გააფრთხილა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა ჯილეხის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ, როცა მათ ამის შესახებ იცოდნენ, ავალიანმა განმარტა, რომ მათ დაავადების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ლაბორატორიულად ჯერ არ იყო დადასტურებული.

რაც შეეხება დაავადებული საქონლის დამარხვას კერძო საკუთრებაში და მომავალში, ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში დაავადების შესაძლო გავრცელების რისკებს, ავალიანმა განმარტა: „ჯილეხი მიეკუთვნება კერობრივ დაავადებას. ის მრავალი წელი ძლებს ნიადაგში. არ არის აუცილებელი ცხოველი დაიმარხოს, საქონლის დაცემის ადგილიც არის კერა. აქ ყოველთვის ნარჩუნდება რისკი და ეს ტერიტორია განსაკუთრებით საფრთხილოა. ამიტომ ხდება მისი მონიშვნა, მათ შორის ჩვენი პროგრამით რუკაზეც“.

შეგახსენებთ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხით 58 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, რის შემდეგაც სოფელში კარანტინი გამოცხადდა.

TV25

აჭარაში ბაზირებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. ტელეკომპანიის ვებგვერდია www.tv25.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]