weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ე.წ. დრიფტისთვის 300-ლარიანი ჯარიმა წესდება – სხვა რა ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი

11:55 შაბათი, 23 ივლისი 2022

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტები შეიმუშავა, რომელიც პარლამენტშია გადაგზავნილი.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შემდეგი ცვლილებების შეტანა იგეგმება:

  • დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.
  • დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.
  • შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2000 ლარი.
  • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
  • კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
  • დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღმოიფხვრება ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, მათ შორის, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შსს-ს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რომლითაც შემცირდება დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]