weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მედიაკოალიციის განცხადებით, აქციის კლიპი წინასაარჩევნო რეკლამად ვერ შეფასდება

11:40 ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2022
კადრი სადავო კლიპიდან კადრი სადავო კლიპიდან

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს „ქართული ოცნების“ მოთხოვნას, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი – „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „პირველი“ კამპანია „შინ ევროპისკენ“ კლიპის ეთერში განთავსების გამო.

მედიაკოალიცია, რომელიც მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე 16 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აცხადებს, რომ კრიტიკული მედიის სანქცირების მოთხოვნა პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია.

კომუნიკაციების კომისია 11 აგვისტოს განიხილავს მიიღოს თუ არა „ქართული ოცნების“ საჩივარი სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. საჩივარი ეხება ვიდეორგოლს, რომელიც აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა პარლამენტთან დაგეგმილი აქციის წინ მოამზადეს და ტელეარხების ეთერებში 23-24 ივნისს გადიოდა.

„ქართული ოცნების“ შეფასებით, ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება „ქართული ოცნების“ და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას. მედიაკოალიციის განცხადებით, მმართველი პარტია თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა.

„მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან“, – აღნიშნავს მედიაკოალიცია.

მედიაკოალიციის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევა რგოლი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი ფორმალური მხარე.

კამპანია „შინ ევროპისკენ“ სახელით გავრცელებულ რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი.

აქედან გამომდინარე, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს“, – აცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიცია.

მედიაკოალიცია ის ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი განიხილება.

„2020 და 2021 წლებში კომისიამ „მთავარი არხი“ უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის და თანაზომიერების პრინციპების სრული უგულვებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები კოალიციის მიერ ცენზურის მცდელობად შეფასდა“, – აღნიშნავს კოალიცია და მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]