weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

გამყრელიძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

13:33 ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2022

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორად თითქმის ათწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობას ტოვებს და გადაწყვეტილი აქვს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება „უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას“ მოახმაროს.

„ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები, მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს“, – წერს ამირან გამყრელიძე.

ვრცელ განცხადებაში ის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს არ განმარტავს და საუბრობს 2013 წლიდან განხორციელებულ პროექტებზე, გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე .

„ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი – კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აქვე მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ, ვისი გადარჩენაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მათ შორის ბევრია ჩემი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი და კოლეგა.

ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს.

აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდში ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო – „წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი“.

ამირან გამყრელიძის თქმით, ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები.

„ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძე  მადლობას უხდის ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას, მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]