weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სახალხო დამცველი: გოგაშვილის და ადვოკატების განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

12:08 პარასკევი, 12 აგვისტო 2022
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილის და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ადვოკატის განცხადებით, იგი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლითაც გასაუბრება მოხდა.

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისმა წარმომადგენელმა ინფორმაცია პირადად გადაამოწმა იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც „დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი“.

„აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება. ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა.

იოსებ გოგაშვილი, რომელიც სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას 2015-2018 წლებში იკავებდა, მიმდინარე წლის 16 ივლისს დააკავეს, 19 ივლისს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურატურა აცხადებს, გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სამსახურიდან გაიტანა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პირადი და პერსონალური მონაცემები და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ნაწილი ინფორმაცია გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, „რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“.

გოგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პერსონალური მონაცემების ხელყოფას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოსო გოგაშვილს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]