weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება დემოკრატიის ძირითადი პრინციპია – დეგნანი

18:51 ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ 118 688 ლარით დაჯარიმებასა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კიდევ ორი ტელეკომპანიის გაფრთხილებაზე. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მოვლენების „მართლაც სამწუხარო განვითარებაა“.

„ეს ნამდვილად არის სიტყვის და განსხვავებული შეხედულებების, მათ შორის, ხელისუფლებისადმი კრიტიკული შეხედულებების გამოხატვის თავისუფლების საკითხი.

ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია. დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე წლისთავზე, ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ ეს არის უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

გუშინ, 23 აგვისტოს, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“, რომელსაც ისედაც ფინანსური კრიზისი აქვს, 118 688 ლარით დააჯარიმა, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ კი წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება მოძრაობა „სირცხვილიას“ ვიდეორგოლს, რომელიც ტელევიზიებმა ეთერში 23 და 24 ივნისს გაუშვეს. ვიდეორგოლში თავმოყრილია ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიევროპული განცხადებები, კლიპის ბოლოს კი, მანიფესტაციის ორგანიზატორი მოქალაქეებს მოუწოდებდა, 24 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებილიყვნენ. „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიას საჩივრით 5 აგვისტოს მიმართა და ვიდეორგოლის გაშვების გამო კრიტიკული არხების სანქცირება მოითხოვა. კომისიამ სახელისუფლებო პარტიის პოზიცია გაიზიარა და მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას წარმოადგენდა და ვინაიდან 23 და 24 ივნისს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობდა, მისი განთავსების უფლება ტელევიზიებს კანონმდებლობით არ ჰქონდათ.

კომისიის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აღნიშნული კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენიათ, კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. „მთავარი არხი“ კი ანალოგიური სამართალდარღვევისთვის 2019, 2020 და 2021 წლებში სამართალდამრღვევად ცნობილია 4-ჯერ. კომისიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მთავარი არხის“ მიერ აღნიშნული კანონდარღვევა მეორედ განხორციელდა და მაუწყებელი უკვე იყო დაჯარიმებული. კომისიამ მას წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა, 118 688 ლარი დააკისრა.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე 16 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება პოლიტიკური, დაუსაბუთებელია და საქართველოში მედიაგარემოს მნიშვნელოვნად აუარესებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]