weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ქუთაისში რუსეთის დროშის გაშლის გამო მოქალაქე სავარაუდოდ 500 ლარით დაჯარიმდება

17:48 ოთხშაბათი, 31 აგვისტო 2022

მამაკაცი, რომელმაც 29 აგვისტოს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის ფედერაციის დროშა გაშალა და ეს ვიდეოზე აღბეჭდა, იდენტიფიცირებულია. მუნიციპალურმა ინსპექციამ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და მოქალაქის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს. ჯარიმის დაკისრების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთ კადრში ქართული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილზე გაფენილი რუსეთის დროშა ჩანს, მის წინ მდგომი მამაკაცი კი რუსულად ამბობს, რომ საქართველომ „რუსეთის დროშის ქვეშ, რუს ხალხთან და ვლადიმირ ვლადიმირის ძესთან ერთად უნდა იცხოვროს“.

„ჩვენ მზად ვართ! მზად ვართ ხალხების მეგობრობისთვის! მზად ვართ რთულ დროს რუსეთის დახმარებისთვის! წინ, რუსეთო!“, – ამბობს მამაკაცი.

ბოლოს ის ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მხარდამჭერ და მის მიერ პოპულარიზებული ლოზუნგს „Ахмат – сила“ [„ახმადი ძალაა“] წარმოთქვამს.

ამავე ვიდეოში ჩანს, რომ რუსეთის დროშა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში იმ ბოძზეა დაკიდებული, რომელზეც საქართველოს დროშაა აღმართული და რომლის გვერდზეც ევროკავშირის დროშა ფრიალებს.

რუსეთის დროშის აღმართვა ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელმა, თორინიკე ბარათაშვილმა თქვა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდა, რაც საკითხმა „პოლიტიკური წონა“ შეიძინა.

„24 საათი იყო გასული... ჯერჯერობით ჩვენს ხელში არ არის ეს სამართალდარღვევის ოქმი, მაგრამ ფაქტია, რომ საუბრობენ სასამართლოს სხდომაზე. რატომ ვისჯებით ხოლმე ჩვენ გამოხატვის თავისუფლების უფლების ფარგლებში გაკრული სტიკერების გამო და რატომ არ არის მყისიერი რეაგირება იმის გამო, რაც იკადრეს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქუთაისში რუსეთის დროშა აგვიფრიალეს“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ რუსეთის დროშის აღმართვა პროვოკაციული აქტი იყო.

„რუსეთი არის ოკუპანტი. არავის სიამოვნებს, ჩვენც, მათ შორის, რაიმე პროვოკაცია ამ თემასთან დაკავშირებით. ქუთაისის მერიამ უკვე გააკეთა რეაგირება. ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს მართლაც პროვოკაციული აქტი, მაშინვე მიიღეს რეაგირება პარტიის ხელმძღვანელობიდან. ჩვენ მოვახდინეთ ამ ადამიანების იდენტიფიცირება და დღეს უკვე, 150-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილით ეს ადამიანები დაჯარიმებულები არიან - კონკრეტულად ის ადამიანი, რომელმაც ეს დროშა აღმართა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ და ვამბობ, რომ არავისთვის არის მისაღები, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გუნდისთვის რუსული სიმბოლოები, დროშები და ა.შ. ჩვენ ამაზე რეაგირებას ვახდენთ“, – განაცხადა ქუთაისის მერმა.

როგორც ქუთაისის მერიაში განაცხადეს, მოქალაქის მიმართ ოქმი შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე,მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]